საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ BAG ინდექსი გამოაქვეყნა, რომელიც მოიცავს ასოციაციის წევრებისა და მათ ბიზნეს ჯგუფებში შემავალი კომპანიების მმართველი მენეჯერების შეფასებას ბიზნეს კლიმატის, დასაქმების ბარომეტრის და საინვესტიციო გარემოს შესახებ.
2025 წლის პირველ კვარტალში ბიზნესისთვის ხელისშემშლელ ფაქტორად კვლავ ლარის კურსი დასახელდა. ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მერ გამოქვეყნებული BAG ინდექსშია აღნიშნული.
გამოკითხვის ავტორები აღნიშნავენ, რომ 2025 წლის I კვარტალში, 2024 წლის IV კვარტალთან შედარებით, გაიზარდა იმ კომპანიების წილი (9 პროცენტული პუნქტით), რომლებიც თვლიან, რომ მათი ბიზნეს საქმიანობისთვის ხელის შემშლელი ფაქტორები არსებობს.
აღნიშნულ პერიოდში ბიზნეს საქმიანობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხელის შემშლელი ხუთი ფაქტორია: ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა, სპეციალისტების ნაკლებობა, სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები, სამუშაო ძალის ნაკლებობა და მოთხოვნის სიმცირეა.
„ბიზნესის ხელისშემშლელ ფაქტორებში პირველი ადგილი დაიკავა ეროვნული ვალუტის კურსის არასტაბილურობამ, მაშინ როცა ეს ფაქტორი უკვე დიდი ხანია მეოთხე, მეხუთე ადგილს იკავებდა ხელისშემშლელ ფაქტორებს შორის, რაც მიუთითებს ქართული ბიზნესის და შესაბამისად ეკონომიკის სენსიტიურობაზე ეროვნული ვალუტის კურსთან მიმართებით“, - ნათქვამია BAG-ის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
რაც შეეხება შემაფერხებელ ფაქტორებს სექტორებისა და საწარმოთა ზომის მიხედვით, 2025 წლის I კვარტალში, ისინი ასე გამოიყურებოდა:
- ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა განსაკუთრებით პრობლემურია ვაჭრობის სექტორში (78%) და მცირე ბიზნესისთვის (42%);
- სპეციალისტების ნაკლებობა ყველაზე მწვავედ იგრძნობა მშენებლობის სექტორში (60%) და საშუალო ზომის კომპანიებში (45%);
- სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები თითქმის თანაბრად აწუხებს ყველა ზომის კომპანიას, განსაკუთრებით კი მშენებლობის სექტორს (50%);
- სამუშაო ძალის ნაკლებობა ყველაზე მეტად მშენებლობის სექტორში (60%) დგას, მცირე და მსხვილი ზომის კომპანიებისთვის კი თანაბრად პრობლემურია (21-21%);
- მოთხოვნის სიმცირე ყველაზე მეტად ვაჭრობის სექტორს (33%) აწუხებს, თუმცა მშენებლობის სექტორში ეს პრობლემა საერთოდ არ აღინიშნება.
ხელის შემშლელ ფაქტორებს შორის, წინა კვარტალთან შედარებით, ყველაზე მეტად ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობის პრობლემა გამძაფრდა (18 პროცენტული პუნქტით), ხოლო ყველაზე მეტად სამუშაო ძალის ნაკლებობის პრობლემა შემსუბუქდა (21 პროცენტული პუნქტით) (იხილეთ გრაფიკი 14). ამასთანავე, 2025 წლის I კვარტალში იმ კომპანიათა წილი, რომლებიც ხელის შემშლელ ფაქტორად მოთხოვნის სიმცირეს ასახელებენ 14 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, რის გამოც აღნიშნული ფაქტორი ბიზნეს საქმიანობისთვის ხელის შემშლელ ყველაზე მნიშვნელოვან ხუთ ფაქტორს შორის მოხვდა.
BAG ინდექსის მიხედვით, I კვარტალში გამოკითხული კომპანიების უმრავლესობა - 46%, მომავალ 6 თვეში დოლართან მიმართებით ლარის კურსის ცვლილებას არ ელის.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ დღეს გამოქვეყნებული BAG ინდექსის მიხედვით, იმ კომპანიების წილი, რომლებიც ლარის გაუფასურებას ელიან 42%-ია, ხოლო მათი, ვინც გამყარებას მოელის - 12%.
2025 წლის I კვარტალში 2024 წლის IV კვარტალთან შედარებით, 7 პროცენტული პუნქტით შემცირდა იმ კომპანიების წილი, რომლებიც მომდევნო 6 თვეში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებას არ ელიან, ხოლო 1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა იმ კომპანიების წილი, რომლებსაც მომდევნო 6 თვეში ლარის აშშ დოლართან გაცვლითი კურსის გაუფასურების მოლოდინი აქვთ.
ცნობისთვის, BAG ინდექსი PMC კვლევითი ცენტრისა და IFO ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის ერთობლივი პროდუქტია. BAG ინდექსს საქართველოს ბიზნეს ასოციაცია 2019 წლიდან ყოველკვარტალურად აქვეყნებს.