ადვოკატების ნაწილი ბინის შეძენით დაინტერესებულ პირებს ურჩევს, რომ თუ ისინი უძრავ ქონებას სამშენებლო კომპანიების შიდა განვადებით იყიდიან, აუცილებლად დარეგისტრირდნენ საჯარო რეესტრში, რათა გარკვეული რისკებისგან თავი დაიცვან.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ იურიდიული კომპანია OK&CG-ის დამფუძნებელმა, ადვოკატმა - ოთარ კაჭკაშიშვილმაგანუცხადა, საქართველოს ბაზარზე არიან როგორც პასუხისმგებლიანი, ისე ნაკლებად პასუხისმგებლიანი სამშენებლო კომპანიები, რომლებიც ბინების გაყიდვისას განსხვავებული პრაქტიკებით ხელმძღვანელობენ.

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ავტორიტეტული, მსხვილი სამშენებლო კომპანიები ბინის მფლობელებს, შიდა განვადებით შეძენისას, საჯარო რეესტრში  უძრავი ქონების მესაკუთრედ დაფიქსირების შესაძლებლობას მაშინვე აძლევენ. ნაკლებად პასუხისმგებლიანები კი - ამას არ აკეთებენ, რის გამოც, მაღალია რისკი გარკვეული ფინანსური ზარალის წინაშე აღმოჩენის. ცხადია, ყველა კომპანიას აქვს პოზიტიური მოლოდინი თავისი განვითარების, თუმცა უამრავი სამშენებლო კომპანია ვნახეთ ჩვენ გაკოტრებული. ამასთან, არა ერთხელ გვინახავს ამ მდგომარეობაში მყოფი კომპანიების მხრიდან ერთი და იმავე ქონების რამდენჯერმე გადაყიდვის ფაქტი. საჯარო რეესტრში რეგისტრაცია კი, ფიზიკურ პირს იცავს ბინის დუბლირებული გაყიდვისგან, ასევე  - გარკვეულ წილად ისეთი შემთხვევისგანაც, თუ კომპანია გაკოტრდა და სამშენებლო პროექტი ბოლომდე ვერ დაასრულა“, - აღნიშნა ოთარ კაჭკაჭიშვილმა.

მისივე განმარტებით, საქართველოს დღევანდელი კანონმდებლობა უძრავი ქონების შემძენს აძლევს უფლებას, რომ პირველივე შენატანიდან დაფიქსირდეს ბინის მესაკუთრედ საჯარო რეესტრში. შესაბამისად, OK&CG-ის დამფუძნებელი მოქალაქეებს ამ უფლებით სარგებლობისკენ მოუწოდებს.

bp.ge