„როდესაც მივიღეთ გადაწყვეტილება და ხელი მოვკიდეთ საქმეს, რომ საქართველოს ფოსტას შეესრულებინა ის ფუნქცია, რაც უნდა ჰქონოდა ეროვნულ ოპერატორს, პირველი გამოწვევა იყო საოპერაციო პროცედურები, რომელზეც დიდი წარმოდგენა არ გვქონდა“ - ამის შესახებ, რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ბრენდი საქართველო“ საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ ისაუბრა. მისი თქმით საოპერაციო პროცედურებში საქართველოს ფოსტას ძალიან დაეხმარა პოსტ ევროპა, რომლის წევრიც გახდა საქართველოს ფოსტა. პოსტ ევროპა არის სტრუქტურა, რომელიც 55 ევროპულ ქვეყანას აერთიანებს და ხელმძღვანელობს დირექტორთა საბჭო 11 ქვეყნის შემადგენლობით. „გასულ წელს საქართველოს ფოსტა დირექტორთა საბჭოს წევრადაც აირჩიეს. ამისთვის დაგვჭირდა ზუსტად 10 წელი და ვინც დაგვეხმარა დასაწყისში 10 წლის შემდეგ მათ გვერდზე ბორდში აღმოვჩნდით. საქართველოს ფოსტის რებრენდინგის აუცილებლობა დადგა იმიტომ, რომ საქართველოში უარყოფითი განწყობები არსებობდა საქართველოს ფოსტის მიმართ, ვინც საქართველოს ფოსტის მომხმარებელი უნდა გამხდარიყო იმას ჰქონდა ნეგატიური დამოკიდებულება და არ ენდობოდა საქართველოს ფოსტას.
ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ საქართველოს ფოსტას გვაქვს ერთიანი ტარიფი უნიფიცირებული მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც იმას ნიშნავს, რომ ელექტრონული კომერციის შედეგად სხვა ქვეყნიდან შემოსული გზავნილი ერთი და იგივე ტარიფით მიდის როგორც თბილისში ასევე სხვა რეგიონებში, იქნება ეს მესტია, ხულო თუ სხვა. თუმცა ამ პროცედურების მოწესრიგებისთვის უამრავი ქვე პროცედურა გავიარეთ. დღეს საქართველოს ფოსტას ქვეყნის მასშტაბით ჰყავს უამრავი დაახლოებით 4500 კონტრაქტორი, იქნება ეს მცირე ბიზნესი, ინდ მეწარმე, კომპანია თუ სხვა და ნახევარზე მეტი არიან რეგიონებიდან. ასევე ფოსტა დაახლოებით 600 კურიერს ასაქმებს“ - აღნიშნა ლევან ჩიკვაიძემ.
ლევან ჩიკვაიძე აღნიშნავს, რომ დღეს საქართველოს ფოსტის სიძლიერე მდგომარეობს უცხოეთიდან შემოსული გზავნილების დროულად და ხარისხიანად მიღებაში, დღეს საქართველოს ფოსტა ჩართულია ელექტრონულ სისტემაში, რასაც ჰქვია ერთიანი ჯაჭვი, როდესაც მაგალითად ახალ ზელანდიაში ოპერატორი საქართველოსთვის განკუთვნილ გზავნილს მიიღებს, ამ გზავნილს ხედავს საქართველოს საბაჟო და თუ ეს ისეთი გზავნილია, რომლის საქართველოში შემოსვლა არ შეიძლება იქვე შეაჩერებს რითაც იზოგება დრო.
„დღეს საქართველოს ფოსტა ინტეგრირებულია საერთაშორისო სისტემაში, მე ივნისში მივდივარ საერთაშორისო კონფერენციაზე , ეს არის მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის და საბაჟო კავშირის ერთობლივი კონფერენცია სადაც ამ მოდელს დაერქვა საქართველოს მოდელი და ამ მოდელის შეთავაზება მოხდება სხვა ქვეყნებისთვის , რომ მათაც ამ მოდელით იმუშაონ.
6-7 მა ქვეყანამ სპეციალური მოთხოვნის საფუძველზე ჩვენი გამოცდილება გაიზიარა ესენია უკრაინა, ყირგიზეთი, თურქმენეთი ყაზახეთი და სხვა. ამ კონფერენციაზე, როდესაც ამ მოდელს წარვადგენთ ბევრად წინ წავიწევით და ბევრი ევროპული ქვეყანა გაიზიარებს ამ მოდელს“ - აღნიშნა ლევან ჩიკვაიძემ.