ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს კორპორაციული სეგმენტი სამი ძირითადი მოთამაშით არის წარმოდგენილი — Bank of Georgia Group PLC, TBC Bank Group PLC და Georgia Capital PLC. გასული კვირის მონაცემებით, სამივე კომპანიამ პოზიტიური ფასობრივი მოძრაობა აჩვენა, თუმცა განსხვავებული ტემპით.

ყველაზე მაღალი მოკლევადიანი ზრდა დაფიქსირდა TBC Bank Group-ის აქციებზე, რომელიც ერთ კვირაში თითქმის 10%-ით გამყარდა და 51.80 გირვანქას მიაღწია. ბანკის საბაზრო ღირებულება 2.85 მილიარდ გირვანქას უტოლდება, ხოლო ბოლო ექვს თვეში ზრდა დაახლოებით 26%-ს შეადგენს.

Bank of Georgia Group-მა ასევე მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა — მისი აქციები კვირის განმავლობაში 7.81%-ით გაიზარდა და 116 გირვანქაზე დაფიქსირდა. კომპანიის კაპიტალიზაცია 5.7 მილიარდ გირვანქას აჭარბებს, რაც მას სამეულში ყველაზე მსხვილ კომპანიად ტოვებს. ნახევარწლიან ჭრილში კი ზრდა 57%-ზე მეტია.

Georgia Capital შედარებით ზომიერ დინამიკას ინარჩუნებს მოკლევადიან პერიოდში — აქციების ფასი 0.62%-ით გაიზარდა და 40.80 გირვანქას მიაღწია. თუმცა გრძელვადიან ჭრილში სწორედ ეს კომპანია ლიდერობს — ბოლო ექვს თვეში მისი აქციები 73%-ზე მეტით არის გამყარებული. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 1.9 მილიარდ გირვანქას შეადგენს.

სურათი მიუთითებს, რომ ლონდონის ბაზარზე ქართული კომპანიების მიმართ ინტერესი შენარჩუნებულია — განსაკუთრებით საბანკო სექტორში, სადაც მოკლევადიანი ზრდის ტემპი უფრო დინამიკურია, ხოლო საინვესტიციო ჰოლდინგის შემთხვევაში — გრძელვადიანი კაპიტალური ზრდა გამოიკვეთება.

როგორ  იცვლება ქართული კომპანიების აქციების ღირებულება ლონდონის საფონდი ბირჟაზე ყოველკვირეულად, გაიგეთ "კომერსანტის" სტატიებიდან.

წყარო: Galt & Taggart