აჭარის ტურისტულ რუკაზე, მწვანე კონცხის მშვიდ ბუნებაში, ერთ შთამბეჭდავ წერტილს იპოვით - კაპო ვერდეს, რომელმაც უკვე რამდენიმე წელია, სტუმრების გულის მოგება სანიმუშო სტუმარ-მასპინძლობითა და გამორჩეული გარემოთი შეძლო. სასტუმროს შექმნაში გიორგი ნაკაშიძეს წარმატებული საოჯახო ბიზნესის გამოცდილება და ინტუიცია დაეხმარა. იგი გვიამბობს, როგორ იქცა სპონტანური იდეა რეალობად, რა გამოწვევები გადალახეს წარმატებული სასტუმროს შესაქმნელად და რა როლი შეასრულა ამ პროცესში საქართველოს ბანკის ფინანსურმა მხარდაჭერამ.
– როგორ გაჩნდა სასტუმროს აშენების იდეა?
სტუმარმასპინძლობის სექტორი ჩემთვის უცხო იყო, თუმცა რაღაც ახლის ძიების სურვილმა აქამდე მიმიყვანა. მწვანე კონცხზე ბავშვობა გავატარე და როცა უკვე სასტუმროზე სერიოზულად დავიწყე ფიქრი, ბუნებრივად მივედი იმ გადაწყვეტილებამდე, რომ იგი აქ უნდა ამეშენებინა.
– იდეის განსახორციელებლად რა გზის გავლა დაგჭირდათ?
სასტუმროს აშენება ჯერ კიდევ კოვიდამდე დავიწყეთ – მაშინ ტურისტული სექტორი განსაკუთრებით აქტიური იყო. თუმცა, შემდეგ პანდემია დაიწყო და მშენებლობის პროცესში ბევრ სირთულეს შევხვდით. მშენებლობა დაახლოებით სამი წლის განმავლობაში გრძელდებოდა – 2021-ში კი სასტუმრო გავხსენით. მართვის პროცესში მთელი ოჯახი ჩავერთეთ და დღეს უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ კარგად გავართვით თავი.
– დღეს რა მასშტაბებზე ოპერირებს სასტუმრო და რამდენ ადამიანს ასაქმებთ?
სასტუმრო 3 000 კვადრატულ მეტრზეა გაშენებული და 38 ნომერს მოიცავს. გვაქვს დიდი ტერასა, სადაც ფილმების ჩვენებებს და მუსიკალურ საღამოებს ვმართავთ, სტუმრებს ქართული ცეკვის მასტერკლასებსაც ვთავაზობთ, მზის ჩასვლაზე დაკვირვება კი უკვე დამსვენებლების ყოველდღიური რიტუალია.
სასტუმროში სეზონის პიკში 30-მდე ადამიანი მუშაობს და ვამაყობთ იმით, რომ ხშირად პირველ სამუშაო გამოცდილებას ახალგაზრდები ჩვენთან იღებენ.
– რა არის ის, რასაც მომხმარებლებს ყველაზე მეტად მოსწონთ თქვენს სასტუმროში?
პირველ რიგში, ბუნებასთან კავშირი. ჩვენთან ზღვაც ძალიან ახლოსაა, სიმწვანეც უხვადაა. ტემპერატურა კი ქალაქთან შედარებით 1-2 გრადუსით გრილია. ხშირად გვეუბნებიან, რომ ჩიტების ჭიკჭიკი, მზის ჩასვლის ყურება და სიმწვანე მათი განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა.
– პროექტის რეალიზაციაში რა როლი შეასრულა საქართველოს ბანკმა?
სასტუმროს მშენებლობის ბოლო, გადამწყვეტ ეტაპზე საქართველოს ბანკის ფინანსურმა მხარდაჭერამ ნამდვილად განსაკუთრებული როლი შეასრულა. რომ არა ეს თანამშრომლობა, სასტუმროს გახსნა ძალიან გაგვიჭირდებოდა. მსგავსი მასშტაბის რესურსის მოზიდვა საოჯახო ბიზნესებისთვის მარტივი არ არის. სტუმარმასპინძლობის სექტორში კი, სადაც წინასწარ დიდი ინვესტიციაა საჭირო, ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერა კრიტიკულია. ვფიქრობ, სხვა სექტორებშიც ასეა.
– როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
საქართველოს ბანკის სლოგანი „არ გაჩერდე“ ჩვენთვის ძალიან ორგანულია – ჩვენი მიზანიც ზუსტად ესაა. ახლა უკვე იმ ეტაპზე ვართ, როცა კაპო ვერდე ფუნქციონირებას საკუთარი შემოსავლით დამოუკიდებლად შეძლებს. პარალელურად ბიზნესის გაფართოებას ვაგრძელებთ - სულ რამდენიმე თვის წინ ბათუმში სავაჭრო ცენტრიც გავხსენით. რაც მთავარია, სიახლეების ძიებას ვაგრძელებთ და ვეცდებით, მომავალში სასტუმროში ჩვენს სტუმრებს კიდევ უფრო სასიამოვნო გამოცდილება შევთავაზოთ.