საშუალო და მაღალ სეგმენტზეა გათვლილი საბავშვო სამოსის ქართული ბრენდი „რკო“ 2016 შეიქმნა და დღეს უკვე „რკოს“ ბავშვის სამოსი იყიდება დიდ ბრიტანეთში, ჩინეთში, იაპონიაში, გერმანიასა და საფრანგეთში. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას „რკოს“ დამფუძნებელმა და დირექტორმა, თამარ მესარკიშვილმა განაცხადა, მათთვის აზიის ბაზარი ძალიან საინტერესოა და სურთ კიდევ უფრო გაზარდონ ექსპორტი ჩინეთთან.

თამარ მესარკიშვილი იხსენებს, რომ „რკოს“ შექმნის ინსპირაცია მისი შვილი იყო. ბრენდი კერძო ინვესტიციით დასთან და მეგობრებთან ერთად შექმნა და წლიდან წლამდე ვითარდებიან.

„2016 წელს დაარსდა ჩვენი კომპანია. ინსპირაცია ჩემი შვილი იყო. „რკო“ ჩემს დასთან და მეგობრებთან ერთად კერძო ინვესტიციით შევქმენი. ახლა უკვე ბევრი საერთაშორისო პარტნიორი გვყავს ევროპაშიც და აზიაშიც. ყოველწლიურად ვიღებთ მონაწილეობას საერთაშორისო გამოფენაზე, რომელიც პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით ტარდება. გამოფენიდან, რომელიც პარიზში ჩატარდა ახალი დაბრუნებულები ვართ“, - ამბობს თამარ მესარკიშვილი.

„რკოს“ შოურუმი, ბრენდის შექმნიდან ერთ წელიწადში, 2017 წელს მრგვალ ბაღთან გაიხსნა. ბრენდის დამფუძნებლის თქმით, იმავე წელს მიიღეს მონაწილეობა პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით გამართულ გამოფენაში და ამავე წელს გავიდნენ ექსპორტზე გერმანიაში, იტალიასა და დიდ ბრიტანეთში.

თამარ მესარკიშვილი ამბობს, რომ „რკო“ დიდი კაპიტალით არ შეუქმნია, თავდაპირველად ბრენდინგში გადაიხადეს თანხა, მანქანა-დანადგარები იყიდეს და შემდეგ ეტაპობრივად განვითარდნენ.

რაც შეეხება გეგმებს, „რკო“ ძირითად აქცენტს ექსპორტზე გააკეთებს და სურს უფრო მასშტაბურად იყოს წარმოდგენილი ჩინეთსა და იაპონიაში და შევიდეს სამხრეთ კორეის ბაზრებზე.

„ონლაინ და საბითუმო შეკვეთებზე მუშაობას ვაპირებთ. საქართველოში მეორე შოურუმის გახსნას არ ვგეგმავთ. ჩვენთვის ძალიან საინტერესოა აზიაში საექსპორტო ბაზარი, რადგან ჩვენი შეკვეთების დიდი ნაწილი ექსპორტზე მოდის. გვყავს ძალიან კარგი პარტნიორები ევროპაშიც. ესენია ფრანგული Smallable და Caramel London ლონდონში. ახლა გამოფენაზე რომ ვიყავით, ჩვენი პროდუქციით ძალიან დაინტერესდნენ სამხრეთ კორეიდან და იაპონიიდან. ჩინეთში გადის ჩვენი პროდუქცია, მაგრამ გვინდა, რომ უფრო მსხვილად ვიყოთ წარმოდგენილი ჩინეთის ბაზარზე, რადგან ძალიან დიდი და ჩვენთვის საინტერესო ბაზარია“, - აცხადებს თამარ მესარკიშვილი.