ინტერნეტთან წვდომის ღირებულება მსოფლიოს ქვეყნებს შორის მნიშვნელოვნად განსხვავდება. თუ ზოგიერთ ქვეყანაში ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტის ყოველთვიური გადასახადი მხოლოდ რამდენიმე დოლარს შეადგენს, სხვა ქვეყნებში ფასი 300 დოლარსაც კი აჭარბებს.
Broadband Genie-ის მონაცემებზე დაყრდნობით Visual Capitalist-ის მიერ მომზადებული მასალა აჩვენებს, რომ ინტერნეტის ყველაზე ძვირადღირებული ბაზრების რეიტინგში დიდი უპირატესობით ლიდერობს უოლისი და ფუტუნა, მას კი მოსდევს თურქმენეთი და ტერქსისა და კაიკოსის კუნძულები.
სად არის ინტერნეტი ყველაზე ძვირი და იაფი
მონაცემები აჩვენებს, რომ ინტერნეტის მაღალი ღირებულების ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი გეოგრაფიული იზოლაციაა. ასე მაგალითად, მსოფლიოს 25 ყველაზე ძვირადღირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტის ბაზრიდან 18 კუნძულოვანი ქვეყანა ან ტერიტორიაა.
მსგავს ქვეყნებსა და ტერიტორიებზე მოსახლეობის მცირე რაოდენობა და ბაზარზე შეზღუდული კონკურენცია ინტერნეტის ფასების ზრდას უწყობს ხელს.
მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ინტერნეტ ბაზრები ასე გამოიყურება:
- უოლისი და ფუტუნა - 374 აშშ დოლარი;
- თურქმენეთი - 286 აშშ დოლარი;
- ტერქსისა და კაიკოსის კუნძულები - 252 აშშ დოლარი;
- სენ-ბართელმის კუნძული - 207 აშშ დოლარი;
- ესვატინი - 193 აშშ დოლარი;
- სირია - 190 აშშ დოლარი;
- ბურუნდი - 186 აშშ დოლარი;
- კომორის კუნძულები - 175 აშშ დოლარი;
- კაიმანის კუნძულები - 167 აშშ დოლარი;
- ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები - 155 აშშ დოლარი.
ყველაზე იაფი ინტერნეტ ბაზრების ათეული კი ასეთია:
- ირანი - 2.61 დოლარი;
- უკრაინა - 5.35 დოლარი;
- ეთიოპია - 6.46 დოლარი;
- ბანგლადეში - 7.38 დოლარი;
- მონღოლეთი - 7.41 დოლარი;
- ეგვიპტე - 7.91 დოლარი;
- რუმინეთი - 8.19 დოლარი;
- ინდოეთი - 8.82 დოლარი;
- ნეპალი - 9.22 დოლარი;
- რუსეთი - 9.71 დოლარი.