საქართველოში საწვავის ფასი კვლავ გაიზარდა. ბოლო ორ დღეში ზოგიერთ ბენზინგასამართ სადგურზე ბენზინის ღირებულება დამატებით 3-5 თეთრით მოიმატა.

ფასების მორიგი ზრდის შედეგად, რეგულარის ფასი ლიტრზე 4.02 ლარს გაუტოლდა. სუპერის ღირებულება 4.62 ლარია, პრემიუმის კი — 4.29 ლარი.

საწვავი ბოლო თვეების განმავლობაში ეტაპობრივად ძვირდებოდა. მხოლოდ სექტემბერში ბენზინის ფასი 14-31 თეთრით, დიზელის კი 30-52 თეთრით გაიზარდა. აგვისტოსა და სექტემბერში ჯამურად ბენზინი 42 თეთრამდე, დიზელი კი 91 თეთრამდე გაძვირდა.

საწვავის გაძვირების ტენდენციას „საქსტატის“ მონაცემებიც ასახავს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, სექტემბერში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ბენზინის ფასი 30.2%-ით, დიზელის — 54.5%-ით, ხოლო გაზის საწვავის ღირებულება 0.6%-ით გაიზარდა.