forbes.com-ის ინფორმაციით, სოციალურმა მედიაკომპანია Reddit-მა, ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიაში (SEC) აქციების პირველად საჯარო განთავსებაზე განაცხადი უკვე წარადგინა. 

კომპანიამ გასულ წელს $804 მილიონის შემოსავალი მიიღო, რაც გაზრდილი მაჩვენებელია ერთი წლის წინანდელ $666-მილიონიან შემოსავალთან შედარებით. პარალელურად კი, ამავე პერიოდში, Reddit-ის წმინდა ზარალი $158.6 მილიონიდან, $90.8 მილიონამდე შემცირდა. 

კომპანიამ დაადასტურა, რომ IPO-აქციების გარკვეულ რაოდენობას Reddit-ის მომხმარებლებისა და მოდერატორებისთვის დაიტოვებს, პლატფორმაზე მათ მიერ შეტანილი წვლილისა და ჩართულობის საფუძველზე. Reddit-მა წინასწარი რეგისტრაციისკენ მათ უკვე მოუწოდა: „ვინაიდან თქვენ დაეხმარეთ Reddit-ს გამხდარიყო ის, რაც დღეს არის, თქვენ ახლა შესაძლებლობა გეძლევათ, გახდეთ მისი მფლობელები იმავე ფასად, როგორც ინსტიტუციური ინვესტორები“. 

Reddit-ი საშუალოდ 73 მილიონ ყოველდღიურად აქტიურ უნიკალურ მომხმარებელსა და 100 ათასზე მეტ აქტიურ საზოგადოებას აერთიანებს. გავრცელებული ინფორმაციით, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ის სიმბოლო – RDDT-ით დაილისტება.