ზაფხულის დადგომასა და ტემპერატურის მატებასთან ერთად აქტუალური ხდება საცურაო აუზების თემაც.
„კომერსანტი“ დაინტერესდა რა მოლოდინები აქვთ თბილისში მდებარე აუზებს მიმდინარე სეზონთან დაკავშირებით, პანდემიის დასრულების შემდეგ რა სიახლეებს სთავაზობენ მომხმარებლებს და რა ცვლილებებია ფასების მხრივ.
როგორც „კოპალა წყნეთის“ საცურაო აუზის წარმომადგენელმა „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნა, ფასების მხრივ მათთან ჯერჯერობით რაიმე ცვლილება არ განხორციელებულა. ვიზიტორების მატებას კი ტემპერატურის მატებასთან ერთად ელოდებიან.
„ჩვენთან აუზი დღიურად სამუშაო დღეების განმავლობაში 30 ლარი ღირს, შაბათ-კვირას 40 ლარი. განუსაზღვრელი დროით, ანუ დროში შეზღუდულები არ ხართ. გვაქვს 2 სახის აბონემენტი 180 ლარი -12 ვიზიტი და 300 ლარი - 26 ვიზიტი. ვიზიტის ხანგრძლივობა აქაც განუსაზღვრელია და ვიზიტი შესაძლებელია ნებისმიერ დღეს.
გვაქვს აერობიკა და სასწავლო ცურვა. აერობიკა 12 ვიზიტია და 170 ლარი ღირს, სასწავლო 200 ლარი 12 გაკვეთილი. არის ინდივიდუალური სწავლის გაკვეთილებიც,“- განაცხადა „კოპალა წყნეთის“ საცურაო აუზის წარმომადგენელმა.