„სითი მოლის“ მფლობელმა კომპანია „აი ჯი დეველოფმენთ ჯორჯიამ“ 2025 წლის პირველი ნახევრის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, კომპანიის მთლიანი შემოსავალი 52 მილიონ ლარამდე გაიზარდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6 მილიონი ლარით მეტია.
ფინანსური ანგარიშის თანახმად, „აი ჯი დეველოფმენთ ჯორჯიამ“ მიღებული შემოსავლიდან 8.3 მილიონი ლარი პირდაპირ საოპერაციო ხარჯებზე მიმართა, ხოლო 4.9 მილიონი ლარი საერთო და ადმინისტრაციული ხარჯები იყო.
„აი ჯი დეველოფმენთ ჯორჯიას“ წმინდა მოგებამ 2025 წლის 30 ივნისისთვის 33.6 მილიონი ლარი შეადგინა.
ფინანსური ანგარიშის მიხედვით, კომპანიის მთლიანი აქტივების ღირებულება 451 მილიონ ლარს შეადგენს.
„შპს აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია დაარსდა 2010 წელს და კომპანიის ძირითადი საქმიანობის სფეროა უძრავი ქონების დეველოპმენტი. კომპანიის მფლობელობაშია სავაჭრო ცენტრები: “სითი მოლი საბურთალო“ , „სითი მოლი გლდანი“ და ასევე ბიზნეს ცენტრი „სითი თაუერი“. მისი ძირითადი საქმიანობა მოიცავს სავაჭრო ცენტრებში საკუთრებაში არსებული ქონების იჯარით გაცემას, ქონების მენეჯმენტსა და მოვლა-პატრონობას. აღნიშნული სავაჭრო ცენტრები გამოირჩევა განსაკუთრებული დატვირთულობით, სადაც გვხვდება არაერთი საერთაშორისოდ აღიარებული ბრენდი და ადგილობრივი მწარმოებელი. ჯამში, „სითი მოლი საბურთალო“ და „სითი მოლი გლდანი“ აერთიანებს 300-ზე მეტ მაღაზიას. კომპანია აქტიურადაა ჩართული არაერთ პროექტში, მათ შორის ევროკავშირის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) ერთად. ერთ-ერთი პროგრამა უკავშირდებოდა ენერგო-ეფექტურობას (ენერგოკრედიტი) და ასევე EGP პროგრამას, რომელიც საშუალო ზომის კომპანიებისთვის სრული საკონსულტაციო მომსახურების გაწევას უზრუნველყოფდა. ასევე, კომპანია წარმატებით თანამშრომლობს ფინანსურ ინსტიტუტებთან“, - ნათქვამია კომპანიის მმართველობით ანგარიშში.
2025 წლის ივნისის მდგომარეობით, კომპანიის 100% წილის მფლობელი არის შპს აი ჯი ინთერნეშენალ, რომელიც რეგისტრირებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში და ჯგუფის საბოლოო მაკონტროლებელი იყო მინდია საბანაძე.