მსოფლიოში სულ რამდენიმე სახელმწიფო დომინირებს იმ პროდუქტების წარმოებასა და ექსპორტში, რომლებიც მილიარდობით ადამიანს არჩენს. ეს ქვეყნები მსოფლიოში მარცვლეულის მწარმოებელ გიგანტებად და მეცხოველეობის ჰაბებად ითვლებიან. სწორედ ისინი ქმნიან საერთაშორისო მიწოდების ჯაჭვს და გავლენას ახდენენ ფასებზე მთელ მსოფლიოში. მოსავლის განადგურება ან ექსპორტის შეფერხება მათ საზღვრებს მიღმაც მყისიერად აისახება, კლიმატური შოკები და გეოპოლიტიკური დაძაბულობა კი ამ რისკებს კიდევ უფრო ზრდის.

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისა და ოფიციალური უწყებების საექსპორტო მაჩვენებლებზე დაყრდნობით, გაგაცნობთ ქვეყნებს, რომლებიც გლობალური სასურსათო სისტემის ხერხემალს წარმოადგენენ:

ამერიკის შეერთებული შტატები სოფლის მეურნეობის პროდუქციის წამყვანი ექსპორტიორია. 2024 წელს ქვეყნიდან $181.3 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქცია გავიდა. მისი უმსხვილესი ბაზრები მექსიკა, კანადა, ევროკავშირი და ჩინეთი არიან. ამერიკა მსოფლიოში სიმინდის მესამედს აწარმოებს და სოიოსა და ხორბლის უმსხვილეს მწარმოებელთა შორისაც ლიდერობს. ქვეყანა ასევე საქონლის ხორცის, ფრინველისა და რძის ნაწარმის უმთავრესი მიმწოდებელია. ეს უზარმაზარი მასშტაბი და ეფექტიანობა მას გლობალური სასურსათო უსაფრთხოების ქვაკუთხედად აქცევს.

მასშტაბური მეურნეობის სწრაფი განვითარების წყალობით, ბრაზილია მსოფლიოში სურსათის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ექსპორტიორად იქცა. 2024 წელს სამხრეთ ამერიკული სახელმწიფოდან ექსპორტზე $144.4 მილიარდი დოლარის ღირებულების აგროპროდუქცია გავიდა. ბრაზილია ლიდერობს სოიოს გლობალურ ვაჭრობაში და მსოფლიო ექსპორტის დაახლოებით 60%-ს აკონტროლებს. ქვეყანა პირველია შაქრის, ყავისა და ფორთოხლის წვენის მიწოდებაშიც. მისი უდიდესი ბაზარი ჩინეთია, რომელსაც ევროკავშირი და აშშ მოსდევს.

ჩინეთი სოფლის მეურნეობის პროდუქტების უმსხვილესი მწარმოებელია მსოფლიოში. გასულ წელს მისმა წარმოებამ შთამბეჭდავი $1.65 ტრილიონი დოლარი შეადგინა, ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო ექსპორტი კი $74.8 მილიარდ დოლარს გაუტოლდა. ქვეყანა ლიდერობს მარცვლეულის, ბოსტნეულის, ღორისა და ფრინველის ხორცის, კვერცხისა და თევზის წარმოებაში. თუმცა, უზარმაზარი მოსახლეობის გამოსაკვებად, ამ პროდუქციის დიდი ნაწილი შიდა ბაზარზევე მოიხმარება. შესაბამისად, ჩინეთი აგროპროდუქტების უმსხვილესი იმპორტიორიცაა და ყოველწლიურად $100 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია შეაქვს - განსაკუთრებით, სოიო.

კანადა სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო ექსპორტიორია. 2024 წელს ქვეყნის ექსპორტმა $66.3 მილიარდი დოლარი შეადგინა. ის ხორბლის წამყვანი მიმწოდებელი და კანოლის პირველი ექსპორტიორია მსოფლიოში. კანადა ლიდერობს პარკოსნების - ოსპისა და ბარდის ექსპორტშიც, რაც აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების რაციონის განუყოფელი ნაწილია.

ავსტრალია ერთ-ერთი ექსპორტზე ყველაზე მეტად ორიენტირებული ქვეყანაა - მისი აგროპროდუქციის თითქმის 70% საზღვარგარეთ გადის, საიდანაც $46 მილიარდ დოლარამდე შემოსავალს იღებს. ის ხორბლის, კანოლის, შაქრის, ბრინჯის, ასევე საქონლისა და ცხვრის ხორცის წამყვანი მიმწოდებელია. ძირითადი ბაზრები კი ჩინეთი და იაპონიაა.

ინდონეზია პალმის ზეთის უმსხვილესი ექსპორტიორია. ეს პროდუქტი კი ყველაფერში გამოიყენება - საკვები ზეთებიდან დაწყებული, კოსმეტიკით დასრულებული. ქვეყანა ასევე ლიდერობს ყავის, კაკაოს, ზღვის პროდუქტების, სანელებლებისა და ტროპიკული ხილის ექსპორტში. 2024 წელს ქვეყნის აგროპროდუქტების ექსპორტი $49.7 მილიარდ დოლარს გაუტოლდა. მისი ძირითადი ბაზრები ჩინეთი, ინდოეთი და აშშ-ია.

ინდოეთი ბრინჯის უმსხვილესი ექსპორტიორია და გლობალური მიწოდების 40%-ს უზრუნველყოფს, აგროპროდუქტის გაყიდვიდან შემოსავალი კი $45.5 მილიარდ დოლარს აღწევს. სამხრეთ აზიის ეს ქვეყანა ასევე ლიდერია რძის, ბანანის, ხახვისა და ფეტვის წარმოებაში. მისი მთავარი საექსპორტო ბაზრები აშშ, ახლო აღმოსავლეთი და აფრიკა არიან.

მცირე ტერიტორიის მიუხედავად, ნიდერლანდებს გლობალურ ბაზრაზე უდიდესი გავლენა აქვს. 2024 წელს მისი აგროპროდუქტების საექსპორტო ღირებულებამ $37 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ეს წარმატება ეფუძნება მაღალტექნოლოგიურ ფერმერობას, ნაყოფიერ ნიადაგსა და მოწინავე სათბურებს, რომლებიც მცირე ფართობზე მაქსიმალურ მოსავალს იძლევიან. ქვეყანას ძირითადად ევროპულ ბაზრებზე გააქვს რძის ნაწარმი, ხორცი და ბოსტნეული.

გარდა ამისა, ნიდერლანდები საერთაშორისო სასურსათო ჰაბია - მას ნედლეული გადამუშავებისა და შემდგომი რეექსპორტისთვის შეაქვს, რაც ქვეყანას გლობალური მიწოდების ჯაჭვის უმნიშვნელოვანეს ნაწილად აქცევს.

ხორბლის წამყვანი ექსპორტიორი და ახლო აღმოსავლეთის, აფრიკისა და აზიის მთავარი ბეღელი რუსეთია. ქვეყანა ასევე აწარმოებს დიდი რაოდენობით მარცვლეულს, თევზს, ბოსტნეულსა და მცენარეულ ზეთს. ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო ექსპორტის წლიური ღირებულება დაახლოებით $28.4 მილიარდ დოლარს აღწევს, თუმცა მისი გავლენა მხოლოდ სურსათით არ შემოიფარგლება. როგორც სასუქების უმსხვილესი მიმწოდებელი, რუსეთი გავლენას ფერმერების პროდუქტიულობაზე მთელ მსოფლიოში ახდენს. უკრაინაში მიმდინარე ომმა აჩვენა, თუ რამდენად სწრაფად იწვევს რუსული ექსპორტის შეფერხება გლობალურ ბაზრებზე ფასების ზრდას.

უკრაინა კიდევ ერთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ქვეყანაა, რომელსაც ომის პირობებშიც კი ყოველწლიურად დაახლოებით $24 მილიარდი დოლარის ღირებულების აგროპროდუქცია გააქვს საზღვარგარეთ. ქვეყანა დიდი რაოდენობით სიმინდს, ხორბალსა და მზესუმზირას ზეთს აწვდის ევროპას, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკას. ომამდე ის მარცვლეულის ერთ-ერთი წამყვანი ექსპორტიორიც იყო.

უკრაინის უდიდეს ბაზრად კვლავ ევროკავშირი რჩება, თუმცა მოთხოვნა იზრდება თურქეთის მხრიდანაც. მიუხედავად ამისა, რუსეთის შეჭრის გამო, უკრაინის როლი გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებაში კვლავ დიდი საფრთხის ქვეშაა.

bm.ge