თუ ოდესმე კვარიათში ყოფილხართ, აუცილებლად გეცოდინებათ სანაპიროს ბოლოსკენ მუდამ ხალხით სავსე ფერადი „რაკუშკები“, კვარიათის მთავარი ღირსშესანიშნაობა და ადგილი, რომელიც წლიდან წლამდე ენატრება მის ერთგულ სტუმარს და სადაც მუდამ ხალისიანი და კეთილგანწყობილი ფრიდა - „რაკუშკების“ დიასახლისი დაგხვდებათ.
„კომერსანტს“„რაკუშკების“ დამფუძნებელი ნათია ბოლქვაძე უყვება, რომ კვარიათის სანაპიროზე კაფე, 21 წლის წინ, მან და მისმა ოჯახმა მინიმალური ხარჯებით, დედის მზითვის ჭურჭლითა და 100 ლარით დაიწყო. დღეს „რაკუშკები“ 70-80 ადამიანს იტევს და ნათია ბოლქვაძემ და მისმა ოჯახმა 7 წლის წინ, ბათუმში მსგავსი კონცეფციის საოჯახო სასტუმრო - „ფრიდას სახლი“ გახსნეს.
კვარიათში „რაკუშკების“ წარმატების ისტორიასა და ბათუმში ფრიდას სახლზე „კომერსანტი“ ნათია ბოლქვაძეს ესაუბრა.
როდის შეიქმნა „რაკუშკები“?
ნათია ბოლქვაძე, „რაკუშკების“ და საოჯახო სასტუმრო „სახლი ფრიდასთან“ დამფუძნებელი: ამ ისტორიის მთავარი უპირატესობა არის ის, რომ „რაკუშკები“ საოჯახო ბიზნესია და დიდი სიყვარულით ვუდგებით ყველა დეტალს. დავიწყეთ 2002 წელს. მე და ჩემი დები ჯერ მიმტანად ვმუშაობდით და მერე ჩვენი საკუთარი კაფე გავაკეთეთ. 21-ე სეზონია, 21-ე ზაფხულს ვატარებ კვარიათში.
მაშინ აქ არაფერი იყო და არაფრიდან გავაკეთეთ კაფე, ნიჟარები ჩამოვკიდე და ასე ამბობდნენ სტუმრები - „რაკუშკებიან კაფეში ვზივარ“ და დარჩა ეს სახელი დღემდე. მაშინ მარტო თბილისელები ჩამოდიოდა ზღვაზე, მაშინ იწყებოდა კვარიათს გაფურჩქნა. ქუჩებში განათება არ იყო და ორად ორი კაფე იყო, დედის მზითვიდან ამოღებული ჭურჭლით, 100 ლარით დავიწყეთ ბიზნესი.
რამ განაპირობა „რაკუშკების“ წარმატება?
სიყვარულმა და ისტორიებმა, მე რომ 2002 წელს პატარა ბავშვი გავიცანი და მაშინ რომ 3-4 წლის რომ, დღეს მოდიან და დიდი გოგოები და ბიჭები არიან და იხსენებენ აქ გატარებულ ბავშვობას, ნათელი წერტილები ვართ ერთმანეთის. ყველასთან მეგობრობა გვაკავშირებს, კლიენტად არ აღიქვამთ არავის. მაშინ სტუდენტი, ბავშვი ვიყავი და ტელევიზორში რომ გყავს ვინმე პოპულარული ტიპი ნანახი და უცებ შენთან რომ შემოდის და დამეგობრდები, ეს ძალიან დიდი ემოცია და სიყვარულია და მერე მოვალეობად გექცევა, რომ ამ მომავალ წელს უფრო ლამაზად და კარგად დაახვედრო აქაურობა. ვფიქრობ, „გია რომ ჩამოვა, ან მაკა რომ ჩამოვა, ნახავს და გაუხარდება“ და ამ ყველაფერში სიყვარულს ვაქსოვ.
„რაკუშკებში“ ცენტრალურ ფრიდა კალოს გობელენის ნამუშევარია გამოფენილი. საიდან გაჩნდა ეს კონცეფცია -„სტუმრად ფრიდასთან“?
ფრიდას პორტრეტი გობელინია, 2002-2004 წელს სტუდენტობის პერიოდში გავაკეთე, ფრიდა რომ შემარქვეს, მაშინ. ეს კონცეფცია წამოვიდა - „ეს გოგო როგორ ჰგავს ფრიდას“, მომეწონა და მარკეტინგულადაც კარგად მოერგო „რაკუშკები“, მერე დავაკავშირე ერთმანეთს - კვარიათი, ზღვა, ნიჟარები, მექსიკის სტილი და მოუხდა. უცხოელ სტუმრებს უფრო მეტად მოსწონთ.
„რაკუშკებს“ ყოველ წელს ახალი და ორიგინალური გაფორმება აქვს, ამას თქვენ თვითონ აკეთებთ?
პროფესიით მხატვარი ვარ, გრაფიკოსი. მართლა მინიმალური დანახარჯით და მეორადებში ნაპოვნი ნივთებით ვაფორმებ კაფეს. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ არც ერთ წელს ერთნაირი არაა „რაკუშკები“, ოქტომბერში ვშლით, მიგვაქვს და მერე ივნისი დასაწყისში ისევ მოგვაქვს. კინოს დეკორაციასავითაა, დატვირთული 3 მანქანა მოვა და მერე წავა. კაფეს მოსაწყობად სულ სულ 200 კვადრატი გვაქვს. სიმართლე რომ გითხრა. წლების განმავლობაში არის პრეტენზია - რატომ არ ფართოვდებით, მაგრამ ეს ნიშა მომწონს. 70-80 კაცამდე იტევს.
წლებია რაც ჩვენი სტუმრების ლექსებს ვაკრავთ კედლებზე. წელსაც განვაახლე, ყოველ წელს ხელით გადავწერ ხოლმე და ვაკრავ კედლებზე. ცნობილი ქართველი მწერლების ლექსები მაქვს, მათი ხელნაწერებს ლამინირება გავუკეთე, რომ არ დაიკარგოს. გაგა ნახუცრიშვილი ლექსი მაქვს: „მე მოვიყვანე შავი ზღვა ცოლად, მეჯვარედ კიდევ მზე კვარიათის“, აკა მორჩილაძის და რატი ამაღლობელის ლექსებიც მაქვს, ჩვენი სტუმრების ფოტოებს ვბეჭდავ და სარკეს ამ ფოტოებით ვაფორმებ ხოლმე, მერე დამსვენებლები რომ ჩამოდიან და თავიანთ სურათებს ნახულობენ, ძალიან მოსწონთ.
წინა წელთან შედარებით ფასები გაზარდეთ?
იძულებული ვიყავით ფასები მინიმალურად, 1-2 ლარით, დაახლოებით 10-20%-ით გაზარდეთ.
სტუმრების დატვირთულობა როგორია?
1 კვირაა, რაც გავიხსენით და ხალხის ნაკადი არის ისეთივე, როგორიც უნდა იყოს. მზიან ამინდში და ვიქენდებზე უფრო მეტია ხალხი. ბევრია უცხოელი ტურისტი, ნაკლები - ქართველი.
უკრაინაში კახოვკის ჰესის აფეთქების გამო, წყლის დაბინძურების ხომ არ ეშინიათ დამსვენებლებს?
კახოვკის ჰესის აფეთქების გამო ხალხის ნაკლებობა არ იგრძნობა, წინა წლებშიც დაახლოებით ასე იყო.
რამდენიმე წლის წინ საოჯახო სასტუმრო გააკეთეთ ბათუმში ისევ ფრიდას ინსპირაციით. გვიამბეთ მასზე.
სასტუმრო ბათუმში 7-8 წლის წინ გაიხსნა, მას „ფრიდას სახლი“ ჰქვია. ნომრების დიზაინი ჩემი გაკეთებულია. ყველა ნომერს თავისი სახელი აქვს: ერთს ჰქვია „მეხიკო„ და მექსიკის სტილშია გაკეთებული, მეორეს - „ფლორა“ - ყვავილებით, „შავი კატა“ - შავ-თეთრია, ერთი ოთახი გუსტავ კლიმტის ინსპირაციითაა შექმნილი, მეხუთეს „44“ ჰქვია, ისტორიული ოთახია. ჩვენი ძველი სახლი 44 ნომერი იყო და იმის მიხედვით, მოგონებებზეა აგებული ოთახი.
რა ღირს ნომერი და როგორია დატვირთულობა?
თითოეული აპარტამენტი 2 ოთახისგან შედგება, სრულად იზოლირებულია საცხოვრებლად და თვეში 500$-ად ვაქირავებთ და მათ ძირითადად უცხოელები ქირაობენ.
სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
სამომავლოდ სასტუმროში ტერასა უნდა გავაკეთოთ და ჩემი პატარა კაფეს და სახელოსნოს გაკეთება მინდა ბათუმში, რომელიც მთელი წელი იმუშავებს. ამ სეზონს რომ დავასრულებ, თუ ძალიან დაღლილი არ ვიქნები, ახალი ძალებით შევუდგები საქმეს.