მთაწმინდის პარკში მდებარე „ეშმაკის ბორბალზე“ დაკვირვებული თვალი პერიოდულად კონკრეტულ წარწერას შენიშნავდა, ერთ-ერთი ასეთი გუშინ საღამოს საათებში გამოჩნდა, ვარდისფერი ასოებით მოძრაობდა ტექსტი „გამარჯობა მე გოგო ვარ“, რაც სავარაუდოდ საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებულ სქესის გაგების ცერემონიალს უკავშირდება.
„კომერსანტი“ დაინტერესდა რა შეთავაზება აქვს მთაწმინდის პარკს ამ მიმართულებით და ადმინისტრაციას დაუკავშირდა. როგორც ადმინისტრაციაში განგვიმარტეს, ეს და სხვა ტიპის მისალოცი წარწერები საცდელი ვერსია იყო და პარკი მსგავსი ტიპის შეკვეთებს არ იღებს, თუმცა კომპანიებისთვის სარეკლამო შეთავაზებები ექნება.
რაც შეეხება სერვისის ფასს, მთაწმინდის პარკის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ მთავარი აქცენტს კომერციაზე არ აკეთებენ, ამიტომ კომპანიასთან ფასზე შეთანხმება ინდივიდუალურად მოხდება და დაახლოებით 1000 ლარიდან დაიწყება.
„ფასის გამოთვლა ინდივიდუალური შეთანხმებით ხდება, არის საათობრივად, რამდენ საათს აინთება, დღეების რაოდენობა და ფასის დაანგარიშება ასე ხდება“ - აცხადებენ მთაწმინდის პარკში.