ზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი დესერტი ნაყინია. დავინტერესდით რა ღირს ნაყინის 1 ბურთულა თბილისის პოპულარულ სანაყინეებში და რომელი ბრენდის ნაყინია ყველაზე ძვირი.
თბილისის სანაყინეებში ნაყინის 1 ბურთულას ფასი 2.50-დან 5,50 ლარამდეა. ყველაზე იაფი „თოლიას“ ნაყინია, ძვირი - „ლუკა პოლარეს“ პრემიუმ კლასის.
მოგზაურობის დაჯავშნის პლატფორმა Omio-ს მიხედვით, თბილისში ნაყინის ფასები საკმაოდ მაღალია და ბევრად აღემატება მაგალითად, თურქეთის კურორტებზე არსებულ ნაყინის ფასებს. Omio-ს მონაცემებით, თურქეთის 3 კურორტი ევროპაში ყველაზე ბიუჯეტურ კურორტებს შორის მოხვდა და რეიტინგის სათავეში მყოფ ალანიაში ნაყინის 1 ბურთულა 0.12 ევრო (0.35 ლარი) ღირს, ესპანეთში კუნძულ ფორმენტერაზე - 0,92 ევრო (2.60 ლარი).
თბილისის სანაყინეებში ნაყინის ფასებს რომ დავუბრუნდეთ, ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე „ჯი და ჯი ქოოფერეიშენის“ „ლუკა პოლარეში“ ნაყინის 1 ბურთულას ფასი 4.90 ლარია, პრემიუმ კლასის ნაყინი კი 1 ლარით ძვირია და 5.90 ლარი ღირს;
ასევე დიდი ბრუნვის მიხედვით ხუთეულში მყოფი „ქართუ-უნივერსალის“ „თოლიას“ ნაყინის 1 ბურთულას ფასი 2.50 ლარია, 2 ბურთულა – 3.90 ღირს, 3 – 5.20 ლარი;
დიდი ბრუნვის მქონე ნაყინის კომპანიების ხუთეულში შემავალი - „ჯეჯელატოს“ 1 ბურთულას ფასი - 4,50-დან 5.50 ლარამდეა;
„ბასკინ რობინსის“ ნაყინის 1 ბურთულა - 5.50 ლარი ღირს;
Mcdonald's-ის ნაყინი - 4.65 ლარი.
ბაზარზეა ასევე Lollys იოგურტის ნაყინი 4 დოპინგით, რომლის 450 გრამიანი შეფუთვა 19.90 ლარი ღირს და ვეგანური Sorbet-ის ნაყინი (300 გრ) - 19.50 ლარი.