„ენგურჰესი“, რომელიც მსოფლიოს 10 ყველაზე მაღალ კაშხალს შორისაა, ვიზიტორებს კაშხლის დასათვალიერებლად 3 განსხვავებულ პაკეტს სთავაზობს.

კერძოდ, შპს „ენგური ატრაქცია“, რომელიც კაშხალზე ინფრასტრუქტურის განვითარებაზე პასუხისმგებელი კომპანია, ვიზიტორებს სამი სახის ტურს სთავაზობს, რომელთა ღირებულებაც 4, 10 და 30 ლარია.

საფეხმავლო ტური, რომელიც ვიზიტორებისთვის გადასახედი პლატფორმიდან ენგურის კაშხლისა და მიმდებარე ლანდშაფტის დათვალიერებას, ასევე ენგურჰესის ტერიტორიაზე მოწყობილი კინო დარბაზის მონახულებას მოიცავს, 4 ლარი ღირს;

მოკლე ტური, რომელიც ვიზიტორებს სთავაზობს შედარებით მოკლე დროში (დააახლოებით 20-30 წუთი) უშუალოდ კაშხლიდან შთამბეჭდავი ხედების დათვალიერებას, წყლის ცირკულირების პრინციპების გაცნობას, ასევე წყალმიმღები შენობის დათვალიერებას, 10 ლარი ღირს;

სრული ტური, რომელიც დაახლოებით 2 საათს გრძელდება, სტუმრებს სთავაზობს ენგურის კაშხლის ყველა ძირითადი საინჟინრო კვანძის მონახულებას, რაც მოიცავს უშუალოდ კაშხალზე გაჩერებას, 315-ე ნიშნულზე არსებული გვირაბის დათვალიერებას, პერიმეტრალური გვირაბისა და კაშხლის ფარების განყოფილების მონახულებას. ამ ტურით სარგებლობა 30 ლარი ჯდება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის მოქმედებს შეღავათები - სკოლის მოსწავლეებზე, პენსიონერებსა და სტუდენტებზე 50%-იანი ფასდაკლება, ხოლო 6-წლამდე ბავშვებისა და ომის ვეტერანებისთვის ვიზიტი უფასოა.

შეგახსენებთ, რომ 2015 წელს ენგურის თაღოვან კაშხალს მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის სამრეწველო მემკვიდრეობის სტატუსი. ენგურჰესის კაშხალზე „მსოფლიო დონის ატრაქციის“ პროექტი კი 2018 წელს შეიქმნა და გადასახედი მოედნების, საბაგიროების, სხვა ატრაქციების მოწყობას ითვალისწინებს. 2022 წლიდან ენგურის კაშხალი ევროპის ინდუსტრიული მემკვიდრეობის მარშრუტის წევრი გახდა.

Bpn.ge