რა ცვლილებები გამოიწვია უძრავი ქონების ბაზარზე უცხოური საბროკერო კომპანიების გამოჩენამ, ხომ არ არის ტენდენცია მიმართული იმისკენ, რომ ისინი ქართულ საბროკერო კომპანიებთან კონკურენციაში შევლენ და რა გავლენა აქვს სექტორზე რუსი მიგრანტების შემოსვლას - თემაზე რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ კომპანია „რეინვესტის“ დამფუძნებელმა ლევან ბოლქვაძემ ისაუბრა.
მისი თქმით, ბოლო დროს გააქტიურებული საიმიგრაციო პროცესების გამო ბაზარზე გადაჭარბებული მიწოდებაა, რამაც გამოიწვია შეფერხებები ადგილობრივი საბროკერო მიმართულებით. როგორც ბოლქვაძემ აღნიშნა, უცხოურმა საბროკერო კომპანიებმა აქცენტი სწორედ იმიგრირებულ ადამიანებზე გააკეთეს.
„ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ მათ აქცენტი გააკეთეს იმიგრირებულ ადამიანებზე, რათა დაიჭირონ მათთვის ხელმისაწვდომი ნაწილი. ბიზნესმოდელი გაამარტივეს, იმიტომ რომ ადგილობრივ ბაზარზე პოზიციონირება უჭირდათ, ნაკლებ ინფორმაციას ფლობენ ქალაქის განვითარების შესახებ, საკანონმდებლო ცვლილების შესახებ და მოძებნეს ის ნიშა სადაც უკეთ მუშაობა გამოუვიდოდათ,“ - აღნიშნა ლევან ბოლქვაძემ.
ბოლქვაძე ბროკერების რეგულაციებში მოქცევის აუცილებლობაზე საუბრობს, მისი თქმით, ქვეყანა შეიძლება ძალიან დიდი პრობლემის წინაშე აღმოჩნდეს იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს მხრიდან ლიცენზირების საკითხი არ დადგება. ბოლქვაძის განმარტებით, ეს დაარეგულირებს არა მხოლოდ უცხოელ იმიგრირებულ ბროკერებთან მუშაობის ნაწილს, ასევე ადგილობრივ სააგენტოებს და უძრავი ქონების სპეციალისტებსაც.
„აქ საკმაოდ დიდ თანხებზეა საუბარი და თითოეულ უძრავი ქონების სპეციალისტს უნდა ჰქონდეს სხვადასხვა პასუხისმგებლობები დაწყებული ეთიკის კოდექსიდან, დასრულებული კონფიდენციალურობით, ეს ისეთი სფეროა, რომელსაც მაღალი ყურადღება სჭირდება. საკითხის ასე დაყენებას და ხაზგასმას ახდენს საქართველოს უძრავი ქონების ასოციაცია. აპრილში ასოციაცია შეხვედრას მართავდა ამერიკის და ევროპის რეალტორთა ასოციაციის პრეზიდენტებთან ერთად საქართველოს ეკონომიკის მინისტრთან, სადაც ეს საკითხი დაიძრა და ხაზი გაესვა მის მნიშვნელობას. არც აშშ-სა და ევროპაში, არა თუ იმიგრანტს, არამედ მოქალაქესაც ლიცენზიის გარეშე სფეროში შესვლის უფლება არ აქვს“ - აღნიშნა ლევან ბოლქვაძემ.