2020 წლის იანვარში 1 375 000 ლარად შპს „ინვესტ ჯგუფის“ მიერ საინვესტიციო ვალდებულებით შეძენილი ანანოვების სასახლის რეაბილიტაცია ამ დრომდე არ დაწყებულა. ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვარციხეში მეოცე საუკუნეში ფრანგი ძმების, ანანოვების მიერ აგებული ისტორიული შენობა, რომელიც ერთ დროს სამთავრობო რეზიდენციის ფუნქციასაც ასრულებდა, თითქმის 2 წელზე მეტია ელოდება გახდეს მთავრობის მიერ დაპირებული რეგიონის ტურისტული ცენტრი.

 


ხელშეკრულების გაფორმებიდან ორ წელიწად-ნახევარის შემდეგ „კომერსანტი“ დაინტერესდა, როგორ მიმდინარეობს ისტორიულ ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომელიც 2024 წელს უკვე დასრულებული უნდა იყოს. „ინვესტ ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა დავით კობახიძემ მედიაჰოლდინგთან დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.

 


„უახლოეს მომავალში გვექნება სიახლეები და აუცილებლად გაგაცნობთ. სამუშაოების მიმართულებით ადგილზე ამჟამად კვლავ გარე ტერიტორიის კეთილმოწყობა მიმდინარეობს მხოლოდ“, — აღნიშნა დავით კობახიძემ.

 


აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან მაისში გამოთხოვილი ინფორმაციით, რომელიც საინვესტიციო ვალდებულებით გასხვისებული ქონების მონიტორინგს ახორციელებს, ირკვევა, რომ „ინვესტ ჯგუფი“ გადაცემულ უძრავ ქონებაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა-ნაგებობის მოვლა-პატრონობის ვალდებულებას ასრულებს. ამ ეტაპზე, გასუფთავდა გარე ტერიტორია ნაგვისგან და ეკალ-ბარდებისგან. უწყების ინფორმაციით, ორ წელიწად-ნახევარია რაც გარე ტერიტორიის მოწესრიგების და ხე-მცენარეების შეწამვლის სამუშაოები მიმდინარეობს. მათი ინფორმაციით, 2020 წელს ლანდშაფტურ და სხვა სამუშაოებზე დაახლოებით 100 000 ლარი დაიხარჯა და კომპანიის დაწყებული აქვს მუშაობა ტურისტული ცენტრის კონცეპტის დამუშავებაზე, ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები საერთაშორისო პარტნიორებთან. 

 

„გაცნობებთ, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება დასტურდება ვალდებულებების შესრულების ვადის ამოწურვის შემდგომ კომპანიის მიერ წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნის საფუძველზე. გაცნობებთ, რომ მიმდინარე ეტაპზე ვალდებულებების შესრულების დამადასტურებელი აუდიტორული დასკვნის წარმოდგენის ვადა არ დამდგარა“, - აცხადებენ უწყებაში.

 

საპრივატიზებო პირობის მიხედვით არაუგვიანეს 2024 წლის 26 თებერვლისა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ტურისტული ცენტრის შექმნა, ფუნქციონირების დაწყება და 4 000 000 ლარის ინვესტირება. ტურისტული ცენტრი უნდა მოიცავდეს ალკოჰოლური სასმელების საჩვენებელ/საგამოფენო სივრცეს, რეკრეაციულ სივრცეს/მრავალწლიან ნარგავებს, სპორტულ მოედანს და 6-ნომრიან სასტუმროს.

 

აუქციონის პირობების მიხედვით ტურისტული ცენტრი შექმნიდან 10 წლის განმავლობაში უნდა ფუნქციონირებდეს. ტურისტული ცენტრის შექმნიდან 2 თვის ვადაში, 2 წლის ვადით ცენტრში არანაკლებ 20 ადამიანი უნდა დასაქმდეს. 26.02.2035 წლამდე არ განახორციელოს უძრავ ქონებაზე საცხოვრებელი სახლ(ებ)ის მშენებლობა და ასევე, უძრავ ქონებაზე არსებული შენობების საცხოვრებელი მიზნებისათვის გამოყენება.

 

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, 77,500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ისტორიული ნაგებობა ბიზნესმენების ძმები დუგლაძეების საკუთრებაში გადავიდა. სამეწარმეო რეესტრში დუგლაძეების სახელი არ ფიქსირდება. დოკუმენტებში შპს „ინვესტ ჯგუფის“ 100%-იანი წილის მფლობელი ნინო ლორთქიფანიძეა, გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ის არის ბიზნესმენ დუგლაძეებთან დაკავშირებული. თუმცა, კომპანიის დირექტორი დავით კობახიძე „კომერსანტთან“ აცხადებდა, რომ შპს „ინვესტ ჯგუფი“ დამოუკიდებელი კომპანიაა და ის არანაირ კავშირში არ არის არც ერთ სხვა ბიზნესს ჯგუფთან, მათ შორის, არც დუგლაძეების ღვინის კომპანიასთან.