დღეისათვის ქვეყნის მიერ ხორბლის მოხმარების 15-20% ადგილობრივი პროდუქტია, - ამის შესახებ ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ განაცხადა.

მისი თქმით, დღეისათვის ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებისთვის საჭირო ხორბლის 20%-მდე უკვე ადგილობრივია, როცა წინა წლებში მისი წილი მხოლოდ და მხოლოდ 10%-ი იყო.

„ბოლო წლის განმავლობაში საკმაოდ დიდი რაოდენობის ხორბლის მოსავალი მივიღეთ, ვიდრე შარშან. სავარაუდო რაოდენობა 200 ათას ტონა ხორბალზე ადის. გასულ წელს იყო 150 ათასი ტონა. შესაბამისად ეს გასულ წელთან შედარებით მაღალი მაჩვენებელია და მოტივაციაა მეხორბლეებისთვის.

ხორბლის მოსავლის ნაწილი უკვე ჩაბარებულია შარშანდელი ხორბლის მოსავლის ფასზე უფრო მაღალი ფასში. საუბარია 1 კგ ხორბალზე 60-65 თეთრი, ხოლო შარშან 55 თეთრის ფარგლებში იყო“, - ამბობს სილაგავა.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში საქართველომ 134,293.35​ ტონა ხორბლის იმპორტი მოახდინა, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში იმპორტი 93,028.01 ტონას შეადგენდა.