საქართველოდან თაფლის ექსპორტი შემცირდა. ქართული თაფლის გასაღების მთავარი ბაზარი 2024 წლამდე ევროკავშირი იყო, თუმცა ვითარება შეიცვალა. რამ განაპირობა ექსპორტის შემცირება და რატომ აღარ გავიდა ქართული თაფლი ევროკავშირის ბაზარზე? საკითხზე ,,კომერსანტი“ ,,საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების ხელმძღვანელს“ ესაუბრა.


ალეკო პაპავა განმარტავს, რომ ევროკავშირის ბაზარზე არსებული ფასი ქართველი მეფუტკრეებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. მისი თქმით, ექსპორტის შემცირება ორმა მთავარმა ფაქტორმა განაპირობა. ერთი, ევროკავშირის ბაზარი დაბალი ფასის მქონე თაფლით გაჯერდა. ქართული თაფლი კი გაცილებით ძვირი ღირს. მეორე ფაქტორი კი აკაციის თაფლის საჭირო რაოდენობის არ ქონა გახდა. გასულ წელს აკაციის ყვავილობის პერიოდს წვიმები და ცივი ამინდები დაემთხვა, რის გამოც ფუტკარმა აკაციის თაფლის მოპოვება ვერ შეძლო. ევროკავშირის მხრიდან კი ძირითადი მოთხოვნა სწორედ ამ თაფლზე მოდის.

,,ევროკავშირის ქვეყნებს თუ ავიღებთ მხედველობაში, ქართული თაფლი იმიტომ ვერ გავიდა ექსპორტზე, რომ ევროკავშირს ჰქონდა საკმაოდ დაბალი ფასი. ევროკავშირის დაბალი ფასი განპირობებული იყო იმით, რომ აზიიდან და სხვა ქვეყნებიდან შევიდა დაბალი ხარისხისა და დაბალი ფასის თაფლი. შესაბამისად, ბაზარი გაჯერდა და ქართული თაფლისთვის უბრალოდ ადგილი აღარ დარჩა. რადგან ცნობადობა არ იყო და ბრენდირებული პარტიები არ იყიდება, შესაბამისად საბითუმო პარტიები, რომელიც სხვა თაფლში ერეოდა მას შესაბამისი ფასი აღარ ჰქონდა. დაბალ ფასად არავინ არ გაყიდიდა. საქართველოში საკმაოდ მაღალი ფასი აქვს თაფლს. ასე რომ თქვათ, ექსპორტზე თაფლის არ გატანა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ფასთა შეუსაბამობას უკავშირდება. ევროკავშირი ასევე გვთხოვს აკაციის თაფლს. ჩვენთან კლიმატური პირობების გაუარესების გამო აკაციის თაფლი ვერ იქნა მოწეული იმ რაოდენობით, რომ ევროკავშირში შესულიყო. 1-2 ტონა არაფერს ნიშნავს. უნდა იყოს 80-100 ტონა მაინც, რომელიც საექსპორტოდ გამზადდება. აკაციის ყვავილობას დაემთხვა წვიმები და ცივი ამინდები და ფუტკარმა ვერ მოახერხა ამ ყვავილზე მუშაობა.’’- განმარტავს ალეკო პაპავა.

ევროპის ბაზარზე თაფლის დაბალმა ფასმა მის ხარისხთან დაკავშირებით ეჭვები გააჩინა. საკითხით გერმანიის მეფუტკრეთა ასოციაცია დაინტერესდა. შეისწავლეს დახლზე განთავსებული პროდუქტის ნიმუშები და აღმოჩნდა, რომ 80% ფალსიფიცირებული იყო. 

,,აღმოჩნდა, რომ 80% იყო ფალსიფიცირებული. ჰქონდა საკვებ დანამატები. გამოიკვლიეს. არის კვლევის ახალი მეთოდი ბალტიისპირეთის, რიგის ლაბორატორიაში. დნმ-ის ანუ მოლეკულურ დონეზე გაუკეთეს ანალიზი და ფალსიფიცირება დადასტურდა. ამ ახალ მეთოდს სჭირდება აკრედიტაცია, რომელიც სავარაუდოდ 2-3 წელს მაინც წაიღებს. ყველა ამბობს, რომ რახან ასეთი იაფფასიანი თაფლი შევიდა ევროკავშირში, დიდი ალბათობით ეს არის ფალსიფიცირებული. შესაბამისად, ქართული თაფლისთვის ფასთა შეუსაბამობის გამო არ იყო საინტერესო ბაზარი.’’- აცხადებს ალეკო პაპავა.

ევროკავშირის ნაცვლად ქართული თაფლი მეზობელ ქვეყნებსა და აშშ-ში გაიყიდა. 2024 წელს საქართველოდან 271 150 აშშ დოლარის ღირებულების 33.8 ტონა თაფლი გაიყიდა, რაც 2023 წელთან შედარებით, თანხაში 64.41%-იანი, ხოლო მოცულობაში 69.4%-იანი შემცირებაა.