ექსპორტი ნაკლებად საწვალებელია, ქართულ ქსელებთან ურთიერთობა კი ძალიან რთულია, - განაცხადა რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას საკონსერვო კომპანია „კულას“ დამფუძნებელმა ვანო გოგლიძემ.
როგორც ვანო გოგლიძე განმარტავს, ექსპორტის პრიორიტეტად ქცევას რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველი - ეს არის უცხოური ვალუტის მიღების შესაძლებლობა, მეორე - ექსპორტი ნაკლებად საწვალებელია და მესამე და მთავარი - ქართულ ქსელებთან ურთიერთობა ძალიან რთულია.
„იმხელა ბონუსები და იმხელა რეტრო ბონუსები აქვთ, საბოლოო ჯამში, ძალიან ნაკლებ შემოსავალს ვიღებთ საქართველოში მუშაობით. ამან მოგვცა სტიმული, უფრო ექსპორტზე ვიყოთ ორიენტირებული. მაღაზიების მხრიდან ისეთი გადასახადებია, გვაყენებს იმ ვითარებაში, რომ ადგილობრივ ბაზარს ექსპორტი გვირჩევნია. 40%, ხანდახან 50% მიდის ხარჯებში, რაც არარენტაბელურია“, - ამბობს ვანო გოგლიძე.
კომპანიის დამფუძნებელი განმარტავს, რომ პროდუქციის 40-45% ევროკავშირში გადის, 10% - ამერიკაში, დაახლოებით ამდენივე რუსეთში, დანარჩენი კი სხვადასხვა ბაზარზე ნაწილდება, მათ შორის, ისრაელის, დსთ-ს ქვეყნებისა და ასე შემდეგ.
რაც შეეხება ევროპის ბაზარზე დამკვიდრებას, როგორც ვანო გოგლიძე აცხადებს, უმჯობესია, მწარმოებელმა „ერთხელ გაიჭირვოს“ და შემდეგ უკვე ევროპელებისგან გართულებები აღარ ჩნდება. მისივე თქმით, ევროპული სტანდარტების დანერგვაში ქართულ კომპანიებს სახელმწიფოც უნდა დაეხმაროს.
„ევროპის ბაზარზე ბარიერი ბევრია, მაგრამ ერთხელ უნდა გაიჭირვოს კომპანიამ და ყველა სტანდარტი დანერგოს. შემდეგ ჩამოდიან, გამოწმებენ და გაძლევენ უფლებას, პროდუქცია ევროკავშირში შეიტანო. ვფიქრობ, სახელმწიფო უნდა დაეხმაროს კომპანიებს, რომ ყველა სტანდარტი დანერგილი იყოს, ყველა საწარმო იმ დონეზე იყოს მისული, რომ ევროპული სტანდარტები დააკმაყოფილოს. შემდეგ უკვე ევროპას გართულება აღარ აქვს“, - ამბობს ვანო გოგლიძე.