„ქართული მოცვის მთავარ ექსპორტიორად რუსეთის გახდომას ხელი შეუწყო გეოგრაფიულმა ადგილმდებარეობამ, ტრანსპორტირების მოკლე ვადამ და ხარისხზე ნაკლებმა მოთხოვნამ“, - ამის შესახებ კომპანია „აგროლეინის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი ღვინიაშვილმა რადიო „კომერსანტის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის ბაზარი ხარისხის არანაირ სერტიფიკატს არ მოითხოვს. ევროპის ბაზარზე კი შეუძლებელია მოცვის მიწოდება, თუ კვების უვნებლობის ხარისხთან დაკავშირებით საერთაშორისო სერტიფიკატები არ გაქვს.

ჩამოთვლილი მიზეზებით აიხსნება ის, რომ ქართული ლურჯი მოცვის მთავარი ექსპორტიორი რუსეთია. წლევანდელ სეზონზე, 1-ლი მაისიდან დღემდე, ექსპორტის ღირებულებამ 17 მლნ დოლარს გადააჭარბა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული მოცვის მოცულობა და ღირებულებაც 2.4-ჯერ, 10 მლნ დოლარით გაიზარდა. ექსპორტი განხორციელდა რუსეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, პოლონეთში, გერმანიაში, ნიდერლანდებში, სომხეთში, კატარში, კუვეითში, ბაჰრეინში და სხვა ქვეყნებში.

გიორგი ღვინიაშვილის თქმით, ექსპორტირებული მოცვის 80-90% რუსეთის ბაზარზე მოხვდა. მაგრამ რაკი რუსული ბაზარი სანდოობით არ გამოირჩევა, ქართველი მეწარმეები აქტიურად ცდილობენ ალტერნატიული ბაზრების ათვისებას.

„სეზონი პრაქტიკულად დასრულებულია. ის ციფრები, რაც გვაქვს აღარ შეიცვლება. საქართველოდან ექსპორტი ჯამში დაახლოებით 3 000 ტონაა. აქედან 80-90% ექსპორტირებულია რუსეთში. თუმცა, წელს კარგი სიახლეები გვაქვს,  რამდენიმე კომპანია, მათ შორის ჩვენმა კომპანიამაც მოახდინა ევროკავშირში ექსპორტი და აქტიურად ვმუშაობთ გალფის ქვეყნების ბაზრებზე. მოცვის მოსავლის რაოდენობის ზრდამ ბუნებრივად განაპირობა ის, რომ მსხვილი მწარმოებლები ხვდებიან, რომ რუსეთის ბაზარი გარდა იმისა, რომ სანდო პარტნიორი არ არის, ფიზიკურად შეუძლებელია, რომ საქართველოში მოყვანილი მოცვი რუსეთმა სრულად აითვისოს. ერთადერთი გამოსავალი ევროკავშირის ბაზარზე მიწოდებების აწყობაა, რაც წელს USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის დახმარებით რამდენიმე კომპანიამ, მათ შორის „აგროლეინმაც“  შეძლო“, - აცხადებს გიორგი ღვინიაშვილი.

მისი თქმით, რუსეთის ბაზარი ფასის არასტაბილურობით გამოირჩევა, მაშინ როცა ევროპასა და გალფის ქვეყნებში ფასი სტაბილურია და თან უფრო მაღალია.

„რუსეთში მოცვის ფასი, სეზონიდან გამომდინარე, ძალიან ცვალებადია. ევროკავშირის, გალფის ქვეყნების, სხვა  ცივილიზებული ქვეყნების საშუალო ფასს თუ ავიღებთ, იქ მოცვის საშუალო ფასი ყოველთვის უფრო მაღალია, ვიდრე რუსეთში“, - აცხადებს გიორგი ღვინიაშვილი.

„აგროლეინი“  აქტიურად მუშაობს იმისათვის, რომ გაზარდოს საწარმოს სიმძლავრეები სორტირების და შეფუთვის კუთხით, რაც კომპანიას მისცემს იმის საშუალებას, რომ უფრო მეტი შეფუთული მოცვი შესთავაზოს მყიდველს, რაც პროდუქტის ფასსაც გაზრდის.

გიორგი ღვინიაშვილი ვარაუდობს, რომ 2025 წლის სეზონისთვის საქართველოში ლურჯი მოცვის მოსავალი 10 000 ტონას მიაღწევს, რადგან მოცვის ბაღები ჯერ არ არის სრულ მსხმოიარობაში და ბევრი ბაღის მოსავლიანობა კიდევ გაიზრდება.

„მოცვი საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია, სწორი მარკეტინგის, სწორი შენახვის, სწორი შეფუთვის, სწორი ლოჯისტიკური ჯაჭვის შემთხვევაში ქართული მოცვი ევროკავშირის ბაზარზე ნამდვილად მოთხოვნადი იქნება“, - აცხადებს გიორგი ღვინიაშვილი.

მისი თქმით, „აგროლეინის“ მთავარი სამიზნე ბაზარი გალფის ქვეყნებია, სადაც ექსპორტის მოცულობა დაახლოებით 50 ტონაა და მოცულობის გაორმაგებას გეგმავენ. ამას გარდა, კომპანია აქტიურად მუშაობს პოლონურ კომპანიებთან და მათთან თანამშრომლობას მომავალ წელსაც გააგრძელებს.