ქართულ საავიაციო ბაზარზე ახალი ავიაკომპანია ONECLICK AIRWAYS-ი გამოჩნდა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, კომპანიას აქვს როგორც სატვირთო გადაზიდვების, ისე მგზავრების გადაყვანის უფლება.

OneClick Airways-მა ოპერაციული საქმიანობა 2025 წლის ოქტომბერში დაიწყო, როგორც კომპანიაში ამბობენ, ამ ეტაპზე ჩარტერულ რეისებს ასრულებენ და აქტიურად ემზადებიან რეგულარული ფრენების დასაწყებად "ფართო გეოგრაფიული არეალის დაფარვით".

კომპანიაში BMG-ის ასევე უთხრეს, რომ OneClick Airways აქტიურად თანამშრომლობს ტუროპერატორებთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს, ოპერატიულად და მოქნილად უპასუხოს ბაზრის მოთხოვნებს და უზრუნველყოს როგორც ტურისტული, ისე სპეციალური დანიშნულების ფრენების განხორციელება.

"აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას OneClick Airways-მა შეასრულა სპეციალური რეისები დუბაიდან და ტაილანდიდან, რითაც უზრუნველყო მოქალაქეების უსაფრთხო დაბრუნება სამშობლოში.

OneClick Airways-ის სტრატეგია ორიენტირებულია ფართო სამარშრუტო ქსელის განვითარებასა და დაბალი საოპერაციო ხარჯების შენარჩუნებაზე, რაც უზრუნველყოფს ხელმისაწვდომ ფასებს და მომსახურების მაღალი ხარისხს. დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის მოდელი შესაძლებელს ხდის მომხმარებლებისთვის კონკურენტუნარიანი და ხელმისაწვდომი ტარიფების შეთავაზებას, ხოლო თავად ავიაკომპანიას აძლევს საშუალებას, ეტაპობრივად გააფართოოს ოპერაციები და ბაზარს ახალი მიმართულებები დაამატოს", - აცხადებენ კომპანიაში.

ავიაკომპანია ფლობს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაცემულ საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატს და საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობას. საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი (Air Operator Certificate) არის ავიაკომპანიის მიერ საჰაერო ხომალდის უსაფრთხოდ ექსპლუატაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა (Operating Licence) წარმოადგენს კომერციული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის განხორციელების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს. საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში ამ ეტაპზე ავიაკომპანიის მხოლოდ ერთი - Boeing 737-81B ტიპის საჰაერო ხომალდი ირიცხება.

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, ONECLICK AIRWAYS-ის დირექტორი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და აეროპორტების გაერთიანების ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძეა. სააქციო საზოგადოება "უანქლიქ ეარვეიზი" 2024 წელს არის რეგისტრირებული და მისი დირექტორი დაარსების დღიდან ჩოგოვაძეა. დამფუძნებელი ჩოგოვაძესთან ერთად გიორგი კალანდარიშვილია. კალანდარიშვილმა თებერვლის ბოლოს "იმედის" ყოფილ მფლობელთან ირაკლი რუხაძესთან ერთად, იმედის სამეთვალყურეო საბჭო დატოვა.

წარსულში კალანდარიშვილი ლიბერთი ბანკსაც ხელმძღვანელობდა, თუმცა თანამდებობა 2019 წელს დატოვა. კალანდარიშვილი "ლიბერთის" CEO 2017 წლის ოქტომბერში გახდა. 2015 წლიდან კალანდარიშვილი იკავებდა პროექტების დირექტორის თანამდებობას Hunnewell Partners Georgia-ში. ამავე დროს იყო ს.ს. ლიბერთი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. წინა წლებში კი, იყო Standard Group LLC პარტნიორი ლიტვაში.

ერთ-ერთი ბოლო აქტივობა ავიაკომპანიის ჩარტერული რეისი იყო ტაილანდიდან, როცა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე დაპირისპირების გამო, საჰაერო მიმოსვლა შეფერხდა, რის გამოც საქართველოს ასობით მოქალაქე უკან ვერ ბრუნდებოდა.

bm.ge