5-ვარსკვლავიანი სასტუმრო „ბორჯომი ლიკანი“, ქალაქ ბორჯომში, წიწვოვანი პარკის შუაგულში მდებარეობს. როგორ მიმდინარეობს სეზონი და რამდენად დატვირთულია ჯავშნები, ამის შესახებ „კომერსანტთან“ სასტუმროს ბრენდის განვითარების დირექტორმა ქეთევან ნადარეიშვილმა ისაუბრა.
„წლის პირველი კვარტალი მაღალი მონაცემებით დავასრულეთ, ვიდრე გასულ წელს, ხოლო მეორე კვარტალი მიმდინარეობს იგივე დატვირთვით, როგორიც იყო გასული წლის ანალოგიურ პერიოდში. გასული 5 თვის მონაცემებით წლევანდელი მონაცემები გაუმჯობესებულია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, როგორც დატვირთულობის, ასევე შემოსავლების თვალსაზრისით,“ - განაცხადა სასტუმროს წარმომადგენელმა.
ქეთევან ნადარეიშვილის თქმით, დამსვენებლებს შორის 65% უცხოელი ტურისტია, 35% კი საქართველოს მოქალაქე.
„უცხოელებს შორის ჭარბობენ ისრაელის, დსთ-ს ქვეყნების მოქალაქეები, პროცენტულად გაზრდილია დამსვენებლების რაოდენობა ევროკავშირის ქვეყნებიდან და მეზობელი ქვეყნებიდან, თუმცა საგრძნობლად არის შემცირებული დამსვენებლების რაოდენობა გალფის ქვეყნებიდან,“- აღნიშნა ქეთევან ნადარეიშვილმა.
როგორც სასტუმროში აცხადებენ, დღეის მდგომარეობით ჯავშნების რაოდენობა მცირედ ნაკლებია გასულ წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. თუმცა არის მოლოდინი რომ ჯავშნების რაოდენობა გაიზრდება ივნისის ბოლოდან.
როგორც სექტორის სხვა წარმომადგენლები, კადრების დეფიციტზე საუბრობენ სასტუმრო „ბორჯომი ლიკანშიც“.
„იგივე პრობლემა დგას ჩვენი სასტუმროს წინაშეც, თუმცა ამ ეტაპზე კადრების დეფიციტი არ არის ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომ სტუმრების ხარისხიან მომსახურებაზე უარყოფითად იმოქმედოს. ამ ეტაპზე კადრების განსაკუთრებულ ნაკლებობას არ განვიცდით ცალკეული პოზიციების გარდა, თუმცა პოტენციურად რთულია თანამშრომლის მოძიება შემდეგი პოზიციებისთვის: მებაღე, ინჟინერიის თანამშრომელი, მიმტანი, მზარეული,“- განაცხადა ქეთევან ნადარეიშვილმა.
სასტუმრო წელს დამსვენებლებს სიახლეებით ხვდება.
„სპა და სამედიცინო ცენტრში დავამატეთ ახალი სპა და სამედიცინო პროცედურები, მათ შორის ოთხ კამერიანი გალვანური აბაზანა, ღრმა ოსცილაცია, ოზონოთერაპია. დაემატა სხვადასხვა სახის გასართობი აქტივობები და ტურები. ვგეგმავთ ვუმასპინძლოთ საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალებს,“- აცხადებენ სასტუმროში.
ქეთევან ნადარეიშვილის თქმით, კონკრეტულ კონკურენტებად არავის მიიჩნევენ, თუმცა საერთო ანალიზისთვის აკვირდებიან რამდენიმე სასტუმროს ფასებს.
სასტუმრო „ბორჯომი ლიკანში“ სხვადასხვა კატეგორიის 151 ნომერია.