2008 წლის 8 აგვისტომდე დაწყებული დაუმთავრებელი მშენებლობებისთვის მოქმედი საგადასახადო შეღავათის ვადის 2029 წლის ნაცვლად 2033 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელება იგეგმება.
შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა წარადგინეს. ინიციატორების განმარტებით, ცვლილება ხელს შეუწყობს დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებას და დაზარალებული მოქალაქეების დაკმაყოფილებას.
მოქმედი წესით, გარკვეული უძრავი ქონების მიწოდება და მასთან დაკავშირებული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურება დღგ-ისგან, ჩათვლის უფლებით, გათავისუფლებულია, თუ შესაბამისი პირობები სრულდება და ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება 2029 წლის 1-ელ იანვრამდე ხდება.
კანონპროექტის მიხედვით, აღნიშნული ვადა 2033 წლის 1-ელ იანვრამდე გახანგრძლივდება. ინიციატორების განცხადებით, ეს კომპანიებს დამატებით შესაძლებლობას მისცემს, მიიღონ საბანკო დაფინანსება და დაასრულონ პროექტები, მათ შორის ის მშენებლობები, რომელთა მიმართაც თბილისის მუნიციპალიტეტმა დაზარალებული პირების დაკმაყოფილების მიზნით შესაბამისი ხელშემწყობი ღონისძიებები უკვე გასცა.