„ოთკატო“ 3 წელია ქართულ ბაზარზე ოპერირებს და აწარმოებს ხელნაკეთ, ნაჭრის თოჯინებს, რომელთა ღირებულებაც 100 ლარიდან იწყება. კომპანიამ 2 თვის წინ სახელოსნოც გახსნა და ქსელურ მაღაზიებში შესასვლელად ემზადება.

როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, ეკატერინე ჭაფოძემ განაცხადა, საწყისმა კაპიტალმა დაახლოებით 2000 ლარი შეადგინა. 

„კომპანია „ოთკატო“ ბაზარზე სამი წელია არსებობს. თავიდან, საახალწლო თოჯინის დამზადება მთხოვეს. შემდეგ, შევყევი და გადავწყვიტე ბავშვებისთვის შემექნა რბილი სათამაშო.

სანამ უშუალოდ თოჯინების დამზადებას დავიწყებდი, ვმუშაობდი თექაზე (ვამზადებდი თექის შარფებს) და ვამზადებდი ჩანთებსაც, რომლის დიზაინიც დაპატენტებული მაქვს (პერიოდულად, მათაც ვაკეთებ სარეალიზაციოდ). 

ვინაიდან თოჯინებამდე აღნიშნულ ნივთებს ვამზადებდი, ტექნიკის შეძენა არ დამჭირვებია, თუმცა სხვა საჭირო ნივთების შესაძენად 2 000 ლარი დამჭირდა.

აღნიშნული თოჯინები, არის რბილი, ქსოვილისგან შექმნილი. ბავშვებისთვის ძალიან კომფორტულია სათამაშოდ და აქვს ყველა ის ფუნქცია, რაც ჩვეულებრივ რეზინის თოჯინას, რომელიც მაღაზიებში იყიდება. ყველა კიდური აქვს მოძრაობაში და თითოეული თოჯინა არის ხელით მოხატული“.

მისი თქმით, 2 თვის წინ, გაიხსნა სახელოსნო, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ მისვლა და სათამაშოების დათვალიერება. 

„თოჯინებს სახლში ვამზადებდი, თუმცა დაახლოებით 2 თვის წინ, სახელოსნო გავაკეთეთ, სადაც ნებისმიერს შეუძლია მოსვლა და სათამაშოების დათვალიერება.

ჩემს მიერ დამზადებული სათამაშოების გარდა, რომელსაც მომხმარებლებს ვთავაზობ, ვიღებ შეკვეთებს და ვამზადებ პერსონალურ თოჯინებსაც.

ამ ეტაპზე, მუდმივი თანამშრომლები არ მყავს, თუმცა შეკვეთების რაოდენობის ზრდასთან ერთად, ამყავს დამხმარეები, რომლებიც შეკვეთების დამზადებაში მეხმარებიან“.

როგორც კომპანიის დამფუძნებელმა აღნიშნა, თოჯინების ღირებულება 100 ლარიდან იწყება. შეკვეთები კი უცხოეთიდანაც ჰქონია.

„თოჯინების სარეალიზაციო ფასი 100 ლარიდან იწყება (ძირითადი ბოქსი რაც მაქვს, სტანდარტული - თოჯინის ტანსაცმლით, ფეხსაცმლით, გამოსაცვლელი ლუქით) და დამკვეთის მოთხოვნიდან გამომდინარე, ფასიც იცვლება.

რაც შეეხება უცხოეთიდან შეკვეთებს, სათამაშოები ხშირად იგზავნება საზღვარგარეთ. ძირითადად ქართველები უკვეთავენ უცხოელებისთვის საჩუქრად. ძალიან ბევრი შეკვეთა გამიგზავნია იტალიაში. ახლაც, ერთი თოჯინა ესპანეთში გასამგზავრებლად ემზადება“.

კომპანიის სამომავლო გეგმები ქსელურ მაღაზიებში შესვლას და  გრანტის მიღებას უკავშირდება.

„ვაპირებ სათამაშოების ქსელურ მაღაზიებში შეტანას. ამისთვის სპეციალური შეფუთვებიც შეძენილი მაქვს. ამ საკითხზე ვმუშაობ და იმედი მაქვს, სექტემბრისთვის შევძლებ ამ გეგმის განხორციელებას.

ასევე, ვაპირებ საგრანტო კონკურსში მონაწილეობას და  დაფინანსების მიღებას 20 000 ლარის ოდენობით. გრანტის მიღება ჩვენი სახელოსნოსთვის იქნებოდა ძალიან დიდი წინსვლა. 10 ნაბიჯით გადავიდოდით წინ,“ - აღნიშნა კომპანიის დამფუძნებელმა.