ცნობილი ქართველი მწერლის, ოტია იოსელიანის გარდაცვალების შემდეგ, 2011 წლიდან, სახლი წყალტუბოში, სადაც მწერალი ცხოვრობდა, სახლ-მუზეუმად გადაკეთდა. მუზეუმის ტერიტორიაზე ოტია იოსელიანის ოჯახის წევრებმა ადგილობრივი ყურძნის დაწურვა, ღვინისა და არყის ჩამოსხმა, მოგვიანებით კი ლუდის ხარშვა დაიწყეს და სახლ-მუზეუმი 2019 წლიდან ღვინის გზის ტურში ჩაერთო. 

„მუზეუმი 2019 წელს გაიხსნა,“ - უყვება „კომერსანტს“ ოტია იოსელიანი, - „რაღაც პერიოდის შემდეგ, დავიწყეთ არყის გამოხდა, მერე ღვინის დაწურვა, 2018 წლიდან კი ლუდის ხარშვა, სექტემბრიდან გვექნება კოტეჯები და ლუდის სკოლაც. ვისაც ენდომება ლუდის ხარშვის სწავლა, შეეძლებათ ჩამოვიდნენ, ეს ტექნოლოგია შეისწავლონ და საბაზისო ცოდნა მიიღონ. ლუდის ხარშვის შესწავლა 1 კვირა, მაქსიმუმ 10 დღე გაგრძელდება. „ოტიას ეზო“ ლუდის ხარშვის შესწავლის მსურველების სექტემბრიდან მიღებს“, - ამბობს ოტია იოსელიანი.

მუზეუმის მასპინძელი და ოტია იოსელიანის მეუღლე ნუცა ცისკარიშვილი გვიყვება, რომ სტუმრებს და ტურისტებს ადგილზე 3-4 სახეობის ღვინის, არყისა და ლუდის დაჭაშნიკება შეუძლიათ.

„ქართველი ტურისტებისთვის პრიორიტეტი მუზეუმია, უცხოელისთვის - ღვინის და ლუდის დაჭაშნიკება, 100-დან 95 უცხოელია. მოდიან ღვინის და ლუდის გამო და პარალელურად მუზეუმითაც ინტერესდებიან. ისინი ან ღვინის გზას მოჰყვებიან, ან ტურისტულ კომპანიებს მოჰყავთ. მისი თქმით, სამომავლოდ გარე მარნის, მაღაზიის და სახელოსნოს მოწყობას გეგმავენ, სადაც მსურველები ტრადიციულ ხელსაქმესა და რეწვას - ქარგვას, ქსოვას, ჯაჭვის პერანგის ქსოვას, თიხას და თექას შეისწავლიან.

„ამ ეტაპზე „აწარმოე საქართველოს“ გრანტის მეორე ეტაპზე ვართ, თუ გრანტს მივიღებთ, მწერლის საფლავის მიმდებარედ გარე მარნის მოწყობას ვაპირებთ, ჩვენს სახლ-მუზეუმს კიდევ ერთი ატრაქცია დაემატება, სადაც სტუმრების ყურადღების მიპყრობას შევძლებთ. გვინდა, რომ იმერული ტრადიციული გარე მარანი გავაკეთოთ, სადაც ქვევრებს ჩავყრით. შემდეგი ნაბიჯი, დაახლოებით 2 წელიწადში, პატარა სუვენირების მაღაზიის მოწყობა იქნება, სადაც მწერლის წიგნები, ჩვენი პროდუქცია და წყალტუბოსა და ქუთაისთან და ოტია იოსელიანთან დაკავშირებული სუვენირები გაიყიდება. ამას გარდა გვინდა მანდვე გაკეთდეს ხის კონსტრუქციის შენობა, სადაც ტრადიციული ხელსაქმის და რეწვის სახელოსნო იქნება, სადაც სკოლის მოსწავლეებსა და ტურისტებს ხელსაქმის მასტერკლასებით ვუმასპინძლოთ. ხელსაქმეში იგულისხმება ის, რასაც ამ ეტაპზეც ვაკეთებთ - ქარგვა, ქსოვა, ჯაჭვის პერანგის ქსოვა და ამას დაემატება თიხა და თექა“, - აცხადებს ნუცა ცისკარიშვილი

რაც შეეხება სასმელი დაჭაშნიკებას, „ოტიას ეზოში“ ღვინის დაჭაშნიკება 40 ლარი ღირს, 35 ლარი - ლუდის. ღვინის დაჭაშნიკებაში შედის 4 სახის ღვინო, 3 სახის სპირტიანი სასმელი და ხემსის დაფა - ყველით, ჩირით, თხილეულით. ლუდის შემთხვევაში სტუმრებს სთავაზობენ 3-4 სახის ლუდს, სპირტიან სასმელებს და ლუდის ხემსს.