კომპანია "ნოვა" გაფართოებას ფრენჩაიზის მოდელით გააგრძელებს. როგორც სამშენებლო და სარემონტო მასალების კომპანიაში განმარტავენ, ამ ტიპის ახალი ფილიალი ზესტაფონში, ზუგდიდში, ოზურგეთსა და წნორში გაიხსნება. პარალელურად დაგეგმილია თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში არსებული საგამოფენო სივრცეების გაფართოებაც.

როგორც „საქმიანი დილის“ ეთერში კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ედიშერ ხიმშიაშვილმა განაცხადა, კომპანია 2026 წლიდან ფასიანი ქაღალდების გამოშვებას აპირებს. კომპანია პირველ ეტაპზე ლარში 50-დან 60 მილიონ ლარამდე ობლიგაციების გამოშვებას განიხილავს, რომლის ძირითადი მიზანი ბანკებში არსებული სესხების რეფინანსირება იქნება.

„ფრანჩაიზით გაფართოება უფრო სწრაფი და ფინანსური თვალსაზრისით უფრო მარტივია. ჩვენ გვყავს წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული პარტნიორები, სადაც ადამიანებს რეგიონებში შეუძლიათ გახდნენ სამაგალითო პარტნიორები, ამიტომ ამ მოდელით განვითარებას განვიხილავთ ზესტაფონში, ასევე ზუგდიდში, ოზურგეთში და წნორში. საბოლოოდ, ჩვენი ამოცანაა, რომ „ნოვა“ წარმოდგენილი იყოს საქართველოს ყველა რეგიონში. ჩვენ ძირითადად დავრჩებით სამ მთავარ ქალაქში — თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, სადაც კიდევ უფრო გავფართოვდებით, ხოლო სხვა რეგიონებში მიზანია, რომ სანდო პარტნიორები შევიძინოთ.

ინვესტირების მხრივ კომპანია დიდ რესურსს წარმოების განვითარებას უთმობს. ბოლო 4-5 წლის განმავლობაში ყოველწლიურად განხორციელებული ინვესტიცია 2 მილიონ დოლარზე ნაკლები არ ყოფილა და არც მომდევნო წელი იქნება გამონაკლისი.

„ნოვას“ განვითარების ლოგიკური გაგრძელებაა ფასიანი ქაღალდების გამოშვება. ამჯერად ჩვენ ვაპირებთ გამოვუშვათ ლარში 50-დან 60 მილიონ ლარამდე ობლიგაციები, რომლის ძირითადი მიზანი იქნება ბანკებში არსებული სესხების რეფინანსირება.

ამ ინიციატივის მთავარი ამოცანაა პროდუქტის — ანუ სასესხო ინსტრუმენტის — შეთავაზება, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს კომპანიის ფინანსურ მდგრადობას. ფასიანი ქაღალდები ჩაანაცვლებს ბანკებიდან აღებულ სესხებს და შექმნის ალტერნატიულ დაფინანსების წყაროს, რაც სესხისგან განსხვავებით უფრო მოქნილი და სტრატეგიულად გამართლებული გზაა.

მომავალში ვფიქრობთ, რომ ობლიგაციები დოლარშიც გავუშვათ — სავარაუდოდ 2026 ან მაქსიმუმ 2027 წელს. „ნოვას“ ფასიანი ქაღალდების შეძენა შეეძლება როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირებს, რაც ჩვენი ბაზრისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.“ - განაცხადა ხიმშიაშვილმა.

bm.ge