გეგმა ასეთი იყო, Nissan და Honda ერთ ჰოლდინგში უნდა გაერთიანებულიყვნენ. თუმცა, როგორც ირკვევა თავდაპირველი გეგმა სისრულეში ვერ მოვა. Honda-მ Nissan-ს გაერთიანების სქემა შესთავაზა, რომლის მიხედვითაც ის გახდებოდა Nissan-ის მშობელი კომპანია, რაზეც ეს უკანასკნელი არ თანხმდება. იაპონურმა ავტომწარმოებლებმა გაერთიანების შესახებ 2024 წლის დეკემბერში გააკეთეს განცხადება, თუმცა ახლა ირკვევა, რომ Nissan გეგმავს უარი თქვას. ინფორმაციას The Wall Street Journal (WSJ) წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
შეთანხმების მიხედვით, კომპანიები თანაბარი პირობებით ერთ ჰოლდინგში უნდა შესულიყვნენ, თუმცა ცოტა ხნის წინ Honda-მ ახალი წინადადება წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც Nissan-ი Honda-ს შვილობილი კომპანია უნდა გამხდარიყო. Nissan არ არის კმაყოფილი შეთავაზებით, ამიტომ შესაძლებელია კომპანია არ დათანხმდეს გაერთიანებას. საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის და კომპანიის დირექტორთა საბჭო ამ საკითხის განსახილველად მოგვიანებით შეიკრიბება.
4 თებერვალს, საინფორმაციო სააგენტო Kyodo-მ გაავრცელა ინფორმაცია გაერთიანების ახალი პირობების შესახებ, სადაც ნათქვამია, რომ ახალი შეთავაზება ,,რადიკალურად განსხვავდება“ შერწყმის თავდაპირველი გეგმისგან.
ავტომწარმოებლები ჰოლდინგის შექმნას 2026 წლის აგვისტოსთვის გეგმავდნენ. შერწყმაში მონაწილეობის მიღება ასევე შეეძლო Mitsubishi-ს, რომლის აქციების 24%-ს Nissan-ი ფლობს. თუმცა, როგორც წყაროებმა Reuters-სა და Kyodo-ს განუცხადეს, Mitsubishi შერწყმის პროცესის შეწყვეტის მომხრეა.
Honda იაპონიაში სიდიდით მეორე ავტომწარმოებელია, ხოლო Nissan მესამე. გაერთიანების შემთხვევაში, ახალი კომპანია მანქანების გაყიდვით Toyota-სა და Volkswagen-ის შემდეგ მსოფლიოში სიდიდით მესამე საავტომობილო ჯგუფი გახდება. კომპანიების გაერთიანების გადაწყვეტილება მზარდ კონკურენციას უკავშირდება. ორივე კომპანიისთვის ჩინური BYD და ამერიკული Tesla მთავარ გამოწვევებად იქცა. გარდა ამისა, Nissan კრიზისული პერიოდი აქვს, რის გამოც კომპანია ხარჯებს ამცირებს. ნოემბერში ავტომწარმოებელმა განაცხადა, რომ მთელს მსოფლიოში სამუშაო ადგილებს 9 000-ით შეამცირებდა. ასევე, 20%-ით შეამცირებდა წარმოების სიმძლავრეს.
Bloomberg იტყობინება, რომ შერწყმის მოლაპარაკებებში სირთულეები ასევე დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ Nissan-ის აქციების 35%-ზე მეტი ეკუთვნის ფრანგულ Renault-ს (პაკეტის ღირებულება დაახლოებით $3,6 მილიარდია). Honda-მ Nissan-ს Renault-ის წილების გამოსყიდვა სთხოვა, რადგან თუ სხვა ვინმე იყიდის მას, Nissan შეიძლება აღმოჩნდეს არასასურველი უცხოური გავლენის ქვეშ. Bloomberg აღნიშნავს, რომ Nissan-ს ფინანსური სირთულეების გამო შესყიდვის განხორციელება გაუჭირდება.