„ვისაც არ უნდა ჰკითხოთ, ყველა გეტყვით, რომ კადრებს აკლია კვალიფიკაცია - ამის აღმოფხვრის საშუალება არის მჭიდრო კომუნიკაცია ბიზნესთან და მათი ჩართულობა პროფესიული სასწავლებლების პროგრამის განხორციელებაში“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ პროფესიული განათლების საერთაშორისო ექსპერტმა კახაბერ ერაძემ განუცხადა.

შეგახსენებთ, „ბიზნესპრესნიუსს“ მცირე და საშუალო ბიზნეს ასოციაციაში განუცხადეს, რომ ბიზნესი განიცდის კვალიფიციური და სპეციფიკური კადრების ნაკლებობას. ასოციაციაში აღნიშნავდნენ, რომ არსებული სიტუაციის გამოსწორების გზა პროფესიული განათლების სისტემის გაძლიერებაზე გადის.

ამის საპასუხოდ პროფესიული განათლების საერთაშორისო ექსპერტი განმარტავს, რომ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს ხარისხის უზრუნველყოფის განახლებული სტანდარტი ავალდებულებს ბიზნესთან თანამშრომლობას.

მისი თქმით, ბიზნესთან თანამშრომლობის გარეშე პროფესიული სასწავლებლები ფიზიკურად ვერ იფუნქციონირებენ ბაზარზე, ვინაიდან, საგანმანათლებლო სერვისები იქმნება ბიზნესის საჭიროებიდან გამომდინარე.

„ეს თემა რაც თქვენ ბრძანეთ, რომ ბიზნესი მუდმივად აპელირებს კადრების არაკვალიფიციურობაზე, ახალი არ არის. ასეა და ასე იქნება მომავალშიც - ვისაც არ უნდა ჰკითხოთ, ყველა გეტყვით, რომ კადრებს აკლია კვალიფიკაცია და პროფესიონალიზმი. ამის აღმოფხვრის საშუალება არის მჭიდრო კომუნიკაცია ბიზნესთან, მეტიც ბიზნესის ჩართულობა პროგრამის განხორციელებაში. ბიზნესსაც ვკითხოთ რომელიმე კოლეჯს მიმართა, რომ ესა და ეს გვინდაო და კოლეჯმა უარი უთხრა? ან თავად ბიზნესი სტუდენტებს იღებს პრაქტიკაზე, რომ პრაქტიკული უნარები შესძინოს კადრებს? სწორი მოლოდინები უნდა ჩამოყალიბდეს ორივე მხარის მიმართ.

გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ ეკონომიკური, პოლიტიკური და გლობალიზაციასთან დაკავშირებული პროცესები სწრაფად იცვლება და ტექნოლოგიების ცვლილება სხვადასხვა სექტორზე პირდაპირ ახდენს გავლენას. ვერ მეტყვით თქვენ დარგს, სადაც ყოველ ორ თვეში რაღაც ახალი ტექნოლოგია არ შემოდიოდეს. ამას რომ ფეხი ავუწყოთ, ბიზნესთან თანამშრომლობაა საჭირო, რადგან ცალკე აღებული კოლეჯი ვერასდროს ვერ მიადევნებს თვალს ამ სწრაფ ცვლილებებს.

ბიზნესს დღეს უჭირს, თვითგადარჩენაზეა ორიენტირებული. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანური რესურსი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ბაზარზე ბიზნესის გადარჩენისა, დღეს ბიზნესის წინაშე სხვა პრობლემებია. თუმცაღა, მზაობა პროფესიული განათლებისა, ითანამშრომლოს ბიზნესთან ძალიან მაღალია და არ მგონია იყოს კოლეჯი, რომელსაც ბიზნესმა მიმართა და კოლეჯმა ადეკვატურად არ უპასუხა, რადგან ამას ავალდებულებს სტანდარტი, დაწესებულებები სხვაგვარად ბაზარზე ვერ დარჩებიან“, - განაცხადა კახაბერ ერაძემ.

წყარო: „ბიზნესპრესნიუსი“