მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა 2020 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა მუნიციპალიტეტს ეს დოკუმენტი ჯერ კიდევ არ დაუმტკიცებია.
მცხეთის გენგეგმაზე „აქოლისი“ მუშაობს, რომელთანაც 1.8 მლნ ლარის ღირებულების ხელშეკრულება 2019 წელს გაფორმდა.
როგორც BM.GE-თან მცხეთის გენგეგმაზე მომუშავე კომპანიის „აქოლისის“ ხელმძღვანელი ამბობს, დოკუმენტაციაზე მათი მხრიდან მუშაობა დასრულებულია. აკაკი ზერეკიძის თქმით, ამ ეტაპზე ისინი მცხეთის საკრებულოსგან დოკუმენტის კონცეფციის დამტკიცებას ელოდებიან. მისი თქმით, ყველა საკითხზე შეთანხმება მიღწეულია.
„ჩვენგან დოკუმენტი ნამდვილად მომზადებულია, თუმცა პროცედურული საკითხები მიმდინარეობს. გარკვეულწილად თქვენ იცით, რომ თანამონაწილეობითი დაგეგმვით ხორციელდება ზოგადად მსგავსი ტიპის პროექტები. ეს არის საზოგადოებრივი ჩართულობით და სხვადასხვა სთეიქჰოდერების ჩართულობით, ისეთების როგორიცაა იუნესკო.
პროცესები ისე განვითარდა დღემდე, რომ მრავალჯერად სხვადასხვა სახე მიიღო, თუმცა დღევანდელ დღეს კონცეფცია შემუშავებულია. როცა თანამონაწილეობაა, ბუნებრივია აზრთა სხვადასხვაობა. თუმცა დღეს ყველაფერი შეთანხმებულია, აქამდე რომ გეკითხათ ეს ასე არ იყო, იმიტომ რომ იყო რაღაც საკითხები, სადაც ექსპერტებისა და პროფესიონალების ხედვა სხვა იყო და მუნიციპალიტეტის სხვა.
კიდევ ერთხელ რომ მცხეთამ თავისი სტატუსი განამტკიცოს და და უფრო მყარად წარმოჩნდეს მსოფლიო ასპარეზზე ყველა დოკუმენტაცია ჩვენი მხრიდან მომზადებულია", - აცხადებს კომპანია „აქოლისის” დამფუძნებელი აკაკი ზერეკიძე.