სამშენებლო და დეველოპერული სექტორი ახალი რეგულაციისთვის ემზადება. 1 ივლისიდან, ძალაში ენერგოეფექტურობის მინიმალური სტანდარტები შედის. რეგულაცია შეეხება ყველა ახალ შენობას, განურჩევლად მისი საკუთრების ფორმისა. იმ შემთხვევაში თუ კერძო ან საჯარო დანიშნულების შენობა 50 კვადრატულ მეტრზე მეტია, მან ენერგოეფექტიანობის მინიმალური მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს და მთავრობის დადგენილება განსაზღვრავს იმას, თუ როგორი უნდა იყოს შენობის კონსტრუქცია, სახურავი, კედლები და კარ-ფანჯრები.
სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ახალი რეგულაცია მშენებლობის ღირებულებას გააძვირებს, თუმცა ამას მყისიერი ეფექტი არ ექნება. კომპანია „არსის" აღმასრულებელი დირექტორი ბესო ორთოიძე განმარტავს, რომ ერთ წელზე მეტი უნდა გავიდეს, რათა ცვლილება ფასებზე აისახოს, მიმდინარე პროექტებზე გავლენა კი მოსალოდნელი არ არის. მისი თქმით, ცვლილება იქნება, განსაკუთრებით იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ენერგოეფექტურ მასალებს აქამდე არ იყენებდნენ.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ აღნიშნა, რომ ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების ამოქმედება საერთაშორისო ვალდებულებაა, თუმცა აუცილებელია სამშენებლო სექტორის წარმომადგენლების დროული ინფორმირება, ვინაიდან მინიმალური მოთხოვნებისა და მათი შესრულების პროცედურების სრული დაცვა სწორედ ბიზნეს ოპერატორებს ევალებათ.
„ხელისუფლების მხრიდან ბიზნეს სექტორთან თანამშრომლობა და სწორი კომუნიკაციის წარმოება მნიშვნელოვანია ნებისმიერი სიახლის დანერგვის დროს, მით უფრო, როდესაც საკითხი ეხება ენერგოეფექტურობას. ვიმედოვნებთ, რომ პროცესი ჰარმონიულად წარიმართება და სამშენებლო სექტორის ინტერესები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ, დაცული იქნება
რთულია თქმა, თუმცა როგორც ვიცი, 5-10%-მდე გავლენას მოახდენს საბოლოო ფასზე, რომელიც მომხმარებლის გადასახდელი იქნება, მაგრამ მომხმარებლისთვის გასათვალისწინებელია, რომ გაგრილება/გათბობის ნაწილში გარკვეული შეღავათი ექნება“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ სამშენებლო და დეველოპერული კომპანიებისა და ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებს შეხვედრის დროს განაცხადა, რომ ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების ამოქმედება დადებითად აისახება როგორც გარემოზე მავნე ზეგავლენის შემცირების, ასევე სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით.
„ენერგოეფექტური შენობა დიდხანს ინარჩუნებს ტემპერატურას და მისი გათბობისა თუ გაგრილებისთვის, დაახლოებით 40 %-ით ნაკლები ენერგია იხარჯება. შესაბამისად, ზამთარში გათბობასთან და ზაფხულში გაგრილებასთან დაკავშირებული ხარჯები მნიშვნელოვნად მცირდება,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
1 ივლისიდან ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების დამადასტურებელი დეკლარაციის წარდგენის გარეშე პროექტი სამშენებლო ნებართვას ვერ მიიღებს.