საყვარელი სიმღერებისგან შედგენილი ფლეილისტი ადამიანს ვარჯიშის თითქმის 20%-ით გახანგრძლივებაში ეხმარება. ამის შესახებ ფინეთის იუვესკიულეს უნივერსიტეტის მეცნიერების კვლევაშია ნათქვამი.
მათი მონაცემებით, საყვარელი მუსიკა ორგანიზმზე დატვირთვას არ ამცირებს, თუმცა ადამიანს ეხმარება, ვარჯიში ბოლომდე მიიყვანოს მაშინაც კი, როდესაც შეწყვეტა სურს.
კვლევაში 50 ზრდასრული ადამიანი მონაწილეობდა. ყველა მათგანი რეგულარულად ვარჯიშობდა და კარგ ფიზიკურ ფორმაში იყო. თითოეულმა მონაწილემ ორი ერთნაირი ინტენსივობის ტესტი გაიარა ველოტრენაჟორზე. ერთ შემთხვევაში ისინი მუსიკის გარეშე ვარჯიშობდნენ, მეორე შემთხვევაში კი უსმენდნენ იმ სიმღერებს, რომლებიც თავად აირჩიეს.
შედეგი შესამჩნევი აღმოჩნდა: მუსიკის გარეშე მონაწილეები საშუალოდ 30 წუთს ძლებდნენ, საკუთარი ფლეილისტით კი 36 წუთს.
ამასთან, ორგანიზმზე დატვირთვის მაჩვენებლები თითქმის არ განსხვავდებოდა. ორივე ვარჯიშის ბოლოს მონაწილეებს გულისცემისა და ლაქტატის, ანუ იმ ნივთიერების, რომელიც კუნთების დატვირთვას უკავშირდება, მსგავსი მაჩვენებლები ჰქონდათ.
კვლევის ავტორების განმარტებით, მუსიკა ფიზიკურ ფორმას პირდაპირ არ აუმჯობესებს, თუმცა ადამიანს დაღლილობის ნაკლებად შემჩნევაში ეხმარება და ვარჯიშის დასრულების მოტივაციას აძლევს.
მეცნიერების შეფასებით, ეს შედეგი შეიძლება სასარგებლო იყოს არა მხოლოდ გამოცდილი სპორტსმენებისთვის, არამედ მათთვისაც, ვისაც ვარჯიშის ჩვევად ქცევა უჭირს.
კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ეს დასკვნა მნიშვნელოვანია ევროპული ქვეყნებისთვისაც, სადაც ხელისუფლებები მოსახლეობის ფიზიკური აქტივობის წახალისების სხვადასხვა გზას ეძებენ. საყვარელი მუსიკა ამ მხრივ ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი საშუალებაა, რადგან პროფესიულ აღჭურვილობას ან დამატებით ხარჯებს არ საჭიროებს.