ნიანგი დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე საშიში მტაცებელია, მაგრამ მათი უძველესი ნათესავების ფონზე, ისინი ნამდვილ ანგელოზებად მოგვეჩვენებოდა.

ვინაიდან ნიანგისნაირები დაახლოებით 200 მილიონი წლის წინ წარმოიშვნენ, მათ ევოლუციის მრავალი ეტაპი გაიარეს, მათ შორის, ერთ დროს იყვნენ ვეგეტარიანელები და ერთ დროს, კატის მსგავსი ფორმაც კი მიიღეს.

საბოლოოდ, ევოლუციის შედეგად წარმოიშვა რამდენიმე აბსოლუტურად გიჟური სახეობა, რომლებიც თავიანთ ეკოსისტემებს ქერცლიანი მუშტით მართავდნენ.

წარმოგიდგენთ ცივსისხლიან Purussaurus neivensis-ს, კაიმანების წინაპარს, რომელიც სიგრძეში შვიდ მეტრამდე იზრდებოდა, 1800 კილოგრამს იწონიდა და საშუალო მანქანის ზომის იყო.

პირველად ის ოფიციალურად 1941 წელს აღწერეს და სახელი ამაზონის აუზის მდინარე პურუსის მიხედვით უწოდეს. ჟურნალ Journal of Vertebrate Paleontology-ში გამოქვეყნებულ ახალ კვლევაში ამ გიგანტს აღწერენ, როგორც სამხრეთ ამერიკის უმაღლეს მტაცებელს მიოცენის ეპოქაში (23 -5,3 მლნ წლის წინ) — დასკვნა, რომელიც მის მიერ დასახიჩრებულ მსხვერპლებს ეფუძნება.

თანამედროვე კოლუმბიაში, ლა-ტატაკოას უდაბნოში აღმოჩენილი ნამარხების ანალიზით, მკვლევრებმა აღადგინეს უძველესი ნიანგისებრის მტაცებლური ტაქტიკები და ძვლების მსხვრევის ძალა.

მტკიცებულებებს შორის იყო 10,5 – 16 მლნ წლის ნამარხები, რომელთაგან თითოეულს ჰქონდა თავდასხმის ნიშნები — ნაწილობრივი თავის ქალა, ბარძაყის ძვალი და ქვედა ყბები, რომლებიც სამი სხვადასხვა ტიპის ჩლიქოსანს ეკუთვნოდა — ჩვეულებრივ, ბალახისმჭამელ ძუძუმწოვრებს.

უიღბლო ჩლიქოსნები სავარაუდოდ P. neivensis-ის საკვები იყო, თუ გავითვალისწინებთ კბილების კვალის ზომას და ფორმას.

მცენარის მჭამელი მსხვერპლები თავის მხრივ ასევე დიდი ცხოველები იქნებოდნენ, ხის ტანის მსგავსი ფეხებით, ეშვებითა და მარტორქის სხეულით.

„სავარაუდოდ Purussaurus-ის მიერ დატოვებული ძვლებზე დატოვებული ჭრილობები მიუთითებს, რომ ის ამ ტროპიკული ეკოსისტემის მნიშვნელოვანი მტაცებელი იყო“, — ამბობს კვლევის ავტორი, ჰელსინკის უნივერსიტეტის ხერხემლიანთა პალეონტოლოგი ოსკარ უილსონი.

მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ საზოგადოებებში დიდი პლაცენტიანი მტაცებლები დომინირებენ, ყოველთვის ასე არ იყო.

ამერიკის დიდ ბიოტურ გაცვლა-გამოცვლამდე, რომელშიც ხმელეთისა და წყლის დიდი ცხოველები ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკას შორის გადაადგილდნენ, დომინანტები სხვა ცხოველები იყვნენ.

მაგალითად, P. neivensis-ი თავის გარემოს იყოფდა საშინელი არაძუძუმწოვარ მონადირეებთან, მათ შორის გიგანტურ მახრჩობელა გველებთან.

იქვე იყვნენ „ტერორის ფრინველები“ უზარმაზარი ნისკარტებით, რომლებიც იმდენად მაღლები იყვნენ, რომ უბრალოდ მკვლელ ბრჭყალებზე დამდგარებიც კი შეძლებდნენ კალათბურთის კალათში ბურთის ჩაგდებას.

„იმდენი მსხვერპლი იყო, რომ ძუძუმწოვარი მტაცებლები ყველაფერს ვერ შეჭამდნენ. ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ ნიანგისებრნიო ამ რეგიონის ყველაზე მნიშვნელოვანი მტაცებლები იყვნენ, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე დიდ მსხვერპლზე ნადირობას ეხება“, — ამბობს უილსონი.

თანამედროვე მტკიცებულებები ადასტურებს ნიანგების მიდრეკილებას გიგანტური მსხვერპლის მიმართ.

დღევანდელი უდიდეს ნიანგები, მლაშე წყლის ნიანგები (Crocodylus porosus) დაახლოებით 1200 კგ-მდე იზრდებიან და ცნობილია, რომ ავსტრალიაში ნადირობენ შინაურ ცხენებსა და ხარებზე, ასევე გარეულ წყლის კამეჩებზე.

ასევე ცნობილია, რომ აფრიკაში ბეჰემოთებსა და მარტორქებს ჭამენ ნილოსის ნიანგები, მაგრამ მკვლევართა აზრით, მათი წინაპრები კიდევ უფრო დიდ მსხვერპლზე ნადირობენ.

კვლევა Journal of Vertebrate Paleontology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია helsinki.fi-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.

წყარო: პირველი არხი