რუსეთში მობილიზაციის შესაძლო გამოცხადების შესახებ გავრცელებული ცნობების ფონზე, საქართველოში და სომხეთში საცხოვრებელი უძრავი ქონების გაქირავებაზე მოთხოვნა გაიზარდა.

რუსული გამოცემა „Важные истории“-ის ინფორმაციით, აგვისტოს შუა რიცხვებისთვის თბილისში ბინების გრძელვადიან იჯარაზე მოთხოვნა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20-30%-ით იყო გაზრდილი. ერევანში კი ზრდა 25-35%-ს შეადგენდა.

თბილისში მოთხოვნის მატება ივლისის ბოლოდან შეინიშნება. საცხოვრებლის ძიების ერთ-ერთი მსხვილი ჩატის ადმინისტრატორის, ვლადიმირის თქმით, ზრდაზე გავლენას ახდენს როგორც სეზონური ფაქტორები, მათ შორის შვებულებების პერიოდი და ახალი სასწავლო წლის მოახლოება, ისე რუსეთში მობილიზაციის შესახებ გავრცელებული ცნობები.

მისი განმარტებით, რუსი მომხმარებლების უმეტესობა საქართველოში უკვე ცხოვრობს ან სხვა ქვეყნებიდან ბრუნდება. თუმცა, ნაწილმა აღნიშნა, რომ ბინის ძებნა სწორედ მობილიზაციის შესახებ ცნობებმა გადააწყვეტინა.

ამასთან, თბილისში გაიზარდა მოკლევადიანი, ერთიდან სამ თვემდე ვადით საცხოვრებლის ძიებაც. გამოცემის ცნობით, ზოგიერთი რუსი ასეთ პერიოდს ეძებს, რადგან რუსეთში სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების შემდეგ მობილიზაციის დაწყებას ელოდება. ნაწილი კი პირიქით, გრძელვადიანი იჯარის ხელშეკრულების გაფორმებას ცდილობს, რათა შესაძლო მობილიზაციის შემთხვევაში ფასების ზრდა თავიდან აიცილოს.

ვლადიმირის შეფასებით, თბილისში არსებული ვითარება მობილიზაციის პერიოდში დაფიქსირებულ მასობრივ მოთხოვნასთან შედარებით ნაკლებია, თუმცა ბაზარს გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილება უჭირს. ამის ერთ-ერთ მიზეზად ქალაქში უკვე არსებული უცხოელი მცხოვრებლების დიდი რაოდენობა სახელდება.

„Важные истории“-ის ინფორმაციით, აგვისტოს შუა რიცხვებში თბილისში საცხოვრებლის ქირის საშუალო ფასი კვადრატულ მეტრზე დაახლოებით 12.3 დოლარი იყო, რაც გასული წლის ივლის-აგვისტოს მაჩვენებელზე 2.1 დოლარით მეტია.

მოთხოვნა ერევანშიც გაიზარდა. გამოცემის მიერ გამოკითხული უძრავი ქონების სააგენტოს წარმომადგენლის ინფორმაციით, სააგენტო ყოველდღიურად ბინის მოძიების შესახებ ოთხიდან ექვს ახალ განაცხადს იღებს.

გაზრდილმა მოთხოვნამ ერევანში ქირის ფასებზეც იმოქმედა. რიელტორის თქმით, სომხეთში 2022 წლამდე გრძელვადიანი საცხოვრებლის გაქირავების განვითარებული ბაზარი არ არსებობდა, რის გამოც რუსების მასობრივი ჩამოსვლის შემდეგ ფასები ადგილობრივ სტანდარტებთან შედარებით მაღალი დარჩა.