ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, როლანდ პრაისს შეხვდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების ახალი მოდელი და მსოფლიო ბანკის შესაძლო მონაწილეობა იყო.

მინისტრის განცხადებით, სახელმწიფოს მიერ შერჩეული „ლენდლორდის“ (Landlord) მოდელი ითვალისწინებს, რომ პორტის ინფრასტრუქტურას საქართველოს მთავრობა განავითარებს, ხოლო ოპერირებაში საერთაშორისო გამოცდილების მქონე კერძო ოპერატორები ჩაერთვებიან.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებზე, მათ შორის ფსკერის დაღრმავებისა და ტალღმჭრელის მოწყობაზე, ასევე მომდევნო ეტაპზე საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, რომლის პროექტირებაც უკვე დასრულებულია.

მარიამ ქვრივიშვილის თქმით, პროექტი გეგმა-გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს და მიზანია, ანაკლიის ღრმაწყლოვანმა პორტმა პირველი გემი 2029 წელს მიიღოს.