“საზოგადოება მიჩვეული რომ არ იყოს ნათია ჯანაშიას მხრიდან შავის თეთრად წარმოჩენის პრაქტიკას, გამაოგნებელი იქნებოდა მისი ერთ-ერთი ბოლო განცხადება, რომლის შინაარსიც გულისხმობს, რომ თურმე 2019 წელს, ინვესტორმა მას მოტყუებით მოაწერინა ხელი 30 მილიონიან გარიგებას (და ეს მაშინ, როცა ეს თანხა ბოლო თეთრამდე პირად ანგარიშზე აქვს მიღებული) და რომ ცოდნოდა, რომ მიწას ნულოვანი ღირებულება ექნებოდა, ამას რა ძალა გააკეთებინებდა. - რეალურად კი ეს არის ისტორია ადამიანისა, რომელიც დიდ და სარფიან გარიგებაში შევიდა იმ გათვლით, რომ შემდგომში მაჟორიტარ პარტნიორებს მართვის საკუთარ სტილსა და პირობებს მოახვევდა თავს და როდესაც დაინახა, რომ ამას ვერ ახერხებდა, ირგვლივ ყველას დადანაშაულება დაიწყო”, - ამბობს ანალიტიკოსი გიორგი ცუცქირიძე, რომელიც "ბრიტანულ-ქართული აკადემიის" გარშემო მიმდინარე ბიზნესდავის თაობაზე საკუთარ მოსაზრებებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.
მისი თქმით, ნათია ჯანაშია კვლავ დაუღალავად ირჯება, რომ კომერციული დავა წარმოაჩინოს, როგორც მის მიმართ ჩადენილი „ეპოქალური თაღლითობა“. რეალურად კი ყველა ნაბიჯზე მხოლოდ იმას ცხადჰყოფს, თუ როგორ ცდილობს, პარტნიორებს მიაყენოს რეპუტაციული ზიანი, ამით დააშანტაჟოს ისინი და აიძულოს მის მიერ ნაკარნახევ პირობებზე დათანხმება. თუმცა, რაც უფრო მეტს საუბრობს ბრალდებითი ტონით, მით უფრო მეტად ცხადი ხდება მისი პოზიციის სისუსტე. - აზუსტებს ანალიტიკოსი.
“ნათია ჯანაშია ცდილობს ბიზნესგეგმად წარმოაჩინოს მრავალგზის დამუშავებული “სამუშაო ფაილი” და ეს საზოგადოებას შეასაღოს, როგორც განზრახ თაღლითობა. რა თქმა უნდა, ეს არგუმენტი, როგორც იურიდიული, ისე ლოგიკური თვალსაზრისით, ძალიან სუსტია”, - აცხადებს ცუცქირიძე.
ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ გამოცდილი ბიზნესმენი, რომელიც მნიშვნელოვან ტრანზაქციაში შედის, პირველ რიგში, საკუთარ თავთანაა ვალდებულია, ყველა კრიტიკული პირობა ძირითად ხელშეკრულებაში ჩაწეროს, და არა დამხმარე დოკუმენტებს დაეყრდნოს, თუკი ასეთი საერთოდ არსებობს.
“თუ ნათია ჯანაშია 88 მილიონი ლარის საინვესტიციო ვალდებულებას, „სავალდებულო პირობად“ მიიჩნევს, თან ინვესტორის მხრიდან მრავალმილიონიანი მიწის ნულოვანი ღირებულებით კაპიტალში ასახვის თანხლებით, და თან ისე, რომ ეს პირობები არა ხელშეკრულებასა და მემორანდუმში, არამედ მხარეთა შორის მოლაპარაკებების დროს, სამუშაო პროცესისას, მრავალგზის ურთიერთგაცვლილ PowerPoint -ისა ან Excel-ის ფაილშია დაფიქსირებული და ამდენად, მისი აზრით, სავალდებულოც - მაშინ, მას ან ელემენტარულად ბიზნესის წესები არ ესმის, ან რაც უფრო სარწმუნოა, მშვენივრად ესმის, მაგრამ განზრახ შეჰყავს საზოგადოება შეცდომაში”, - მიაჩნია ცუცქირიძეს.
“საზოგადოდ, ბიზნესდავების პრაქტიკა ბიზნესის განვითარებისთვის ხელშემწყობი პროცესია, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარეები ჯანსაღად აფასებენ ობიექტურ რეალობას და თუ პარტნიორის “გადაგდებასა” და ნებისმიერი უკანონო და იმავე ბიზნესისთვის დამაზიანებელი გზით, მაქსიმალურ პირად გამორჩენაზე არ არის რომელიმე ორიენტირებული.
ამ დავის შემთხვევაში კი, ცხადია, რომ ჯანაშია საკუთარი სტრატეგიით ცდილობს, დავა გადაიყვანოს პიროვნულ სიბრტყეზე, არგუმენტების ნაცვლად, უაპელაციო ბრალდებები აქციოს დავის ინსტრუმენტებად და რეპუტაციული წნეხისა და საჯარო შანტაჟის იარაღად. ფაქტია, ასეთი მიდგომა აზიანებს როგორც საკუთრივ კონკრეტულ ბიზნესს, ისე მთლიანად ბიზნეს-გარემოს”, - დასძენს ანალიტიკოსი.