ქართული მოცვის მწარმოებლები პროდუქტის ევროპის ბაზარსა და სპარსეთის ყურეს ქვეყნებში გატანაზე მუშაობენ. როგორც კომპანია Agrolane-ის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ღვინიაშვილმა East-fruit-ს განუცხადა, გეოგრაფიული მდებარეობისა და ტრანსპორტირების ნაკლები დროის ფაქტორის გამო, ქართული მოცვის ძირითადი ექსპორტიორი ქვეყანა წელსაც რუსეთი გახდა.
მისი თქმით, რუსული ბაზარი არ ითხოვს ხარისხის სერტიფიკატებს, მაშინ, როდესაც ევროპული ბაზარი პროდუქტს საერთაშორისო სერთიფიკატისა და საკვები პროდუქტების უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არ იღებს.
2023 წლის 1 მაისიდან დღევანდლამდე, საქართველოდან ექსპორტზე 17 მილიონი დოლარის ღირებულების მოცვი გავიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდს ორჯერ აღემატება. აქედან, ექსპორტის 80-90% რუსეთზე მოდის.
„წლევანდელი სეზონი დასრულდა და მაჩვენებლები აღარ შეიცვლება. წელს საქართველომ 3 000 ტონა მოცვი გაყიდა და ძირითადად რუსეთში, თუმცა გვაქვს კარგი სიახლეები - რამდენიმე კომპანიამ, მათ შორის ჩვენც, დავიწყეთ ექსპორტი ევროპულ ბაზარზე და აქტიურად ვმუშაობთ სპარსეთის ყურეს ქვეყნებში მოხვედრაზეც. რუსეთი არასანდო პარტნიორია, ამასთან, ის საქართველოში მოყვანილი მოცვის სრულად შეძენას ვერ შეძლებს, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გაზრდილი წარმოების გამო. ამიტომ, გამოსავალი ევროპის ბაზარზე გატანის მოგვარებაა, რაშიც აქტიურად გვეხმარება USAID-ი“, - განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა.
მისი თქმით, რუსეთში არასტაბილურია ფასებიც, მაშინ, როდესაც ევროპაში ამ მხრივ სტაბილურობაა.
კომპანიის დირექტორი ვარაუდობს, რომ 2025 წლისთვის მოცვის მოსავალი 10 000 ტონას მიაღწევს.
მისი თქმით, კომპანიის მთავარი სამიზნე ბაზარი სპარსეთის ყურეს ქვეყნებია, სადაც ექსპორტის მოცულობა დაახლოებით 50 ტონაა და იგეგმება მისი გაორმაგებაც. გარდა ამისა, Agrolane-ი აქტიურად მუშაობს პოლონელ პარტნიორებთან და მათთან თანამშრომლობას მომავალ წელსაც გააგრძელებს.