გამომცემლობა „მინიატურამ“ პირველი მინიატიურული „ვეფხისტყაოსანი“ პოემის პირველი ბეჭდური გამოცემის 300 წლისთავზე გამოსცა. მაშინ წიგნის ზომები 5 სმ 7 სმ-ზე იყო. შემდეგ ზომები შეამცირეს დღეს გამოსცემენ 3.5, 6 და 7 სანტიმეტრიანი წიგნებს. წელიწადნახევარია წიგნების გაფორმებაზე ხელოვანი ნატალია კლდიაშვილი მუშაობს. მინიატიურული წიგნების კლასიკური გამოცემის ფასი 300 ლარია, ქვებით შემკულის - 550. წიგნები თბილისში თანამედროვე ხელოვნების მუზეუმსა და სტამბის წიგნების მაღაზიაში იყიდება.

მინიატიურული გამოცემებისა და მათი შემკობის ტექნიკის შესახებ „კომერსანტი“ გამომცემლობა „მინიატურას“ დამფუძნებელ ქეთევან ლაზარაშვილს და ხელოვან ნატალია კლდიაშვილს ესაუბრა.

ნატალია კლდიაშვილის მიერ გაფორმებული ინსტრუმენტები და ინსტალაციები აქვთ ისეთ ცნობილ მუსიკოსებს, როგორებიცაა: რობერტ პლანტი, სნუპ დოგი, ლორენ ჰილი, ნიკ ვესტი, ქვინსი ჯონსი, ჯემიროქუაი. როგორც ნატალია „კომერსანტთან“ საუბრისას გვიყვება, მის მიერ გაკეთებული საყვირი დაცულია  მაილს დევისის მუზეუმში, რობერტ პლანტს აქვს მისი ფანდური, ჯემიროქუაის - საკონცერტო ქუდი და ა.შ. როგორც თვითონ იხსენებს, მისი პირველი ნამუშევრები ამერიკაში რამდენიმე ათას დოლარად გაიყიდა.

„ამერიკაში მქონდა გამოფენა, სადაც ვიმუშავე კოლექციაზე „ხმის ვიზუალიზაცია“, სადაც ვაკეთებდი მუსიკალურ ინსტრუმენტებს. ცნობილ ბასგიტარისტ ნიკ ვესტს გავუფორმე გიტარა, რომელიც 108 მსოფლიოს საუკეთესო გიტარების ისტორიის კატალოგში შევიდა. ბევრ ცნობილ ვარსკვლავს აქვს ჩემი ნამუშევარი, მათ შორის - რობერტ პლანტს, სნუპ დოგს, ლორენ ჰილს, ნიკ ვესტს, ქვინსი ჯონსს, ჯემიროქუაის და ა.შ.“, - აცხადებს ნატალია კლდიაშვილი.

ამერიკის კოლექციის შემდეგ, ნატალია კლდიაშვილს სურდა ქართულ პროექტზე ემუშავა და უკვე წელიწად ნახევარია, მინიატიურული წიგნების გაფორმება დაიწყო. როგორც თვითონ ამბობს, თითო წიგნის მხოლოდ გარეკანის შექმნას 3-დან 5 დღემდე სჭირდება.

„მინიატიურული „ვეფხისტყაოსნის“ გაფორმება ძალიან საინტერესოდ მომეჩვენა, „ხმის ვიზუალიზაციის“ შემდეგ, გადავწყვიტე გამეკეთებინა „სიტყვის ვიზუალიზაცია“, სიტყვები გადმომეცა ფერებში. მინდოდა წიგნი იმ ქვებით შემემკო, რა ქვებიცაა წიგნშია ნახსენები.

„წავაწყდი გამომცემლობა „მინიატურას“ „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალურ გამოცემას, რომელსაც აქვს 3.5, 6 და 7 სანტიმეტრიანი მინიატიურული წიგნები და ამ 3 ზომაში ვამკობ მათ მიერ შექმნილ უნიკალურ მინიატიურულ წიგნებს. სარგებლობს დიდი მოწონებით და ძალიან ბედნიერი ვარ,“ - აცხადებს ნატალია კლდიაშვილი.

გამომცემლობა „მინიატურას“ დირექტორი ქეთევან ლაზარაშვილი გვიყვება, რომ პირველი მინიატიურული „ვეფხისტყაოსანი“ 2012 წელს პირველი ბეჭდური გამოცემის (1712 წელი) 300 წლის საიუბილეოდ გამოიცა. ამას მოყვა სხვა წიგნები: „თბილისის დაბადება“, „ნივთების ისტორია“, „ფიროსმანის ალბომი“, „თბილისი ალბომი“ ერმაკოვის ფოტოებით, „ვეფხისტყაოსანი“, ბიბლია, სახარება, ამერიკის კონსტიტუცია, საქართველოს კონსტიტუცია, თორა, ყურანი და ა.შ.

„2020 წელს გამოვეცით „თბილისის დაბადება“, ეს იყო ხელით შეკერილი წიგნი, რომელიც ჩვენმა გამომცემლობამ გააკეთა. წიგნის ავტორი მე ვარ. „თბილისის დაბადება“ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი იყო  ჩემთვის. ისტორიკოსი ვარ და ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, პროტესტი მქონდა - თბილისის დაბადება იწყებოდა და შემოიფარგლებოდა ლეგენდით. თუმცა, ლეგენდამდე მინიმუმ 1 საუკუნით ადრე სამხედრო რუკაზეა და სასანიანთა ირანის პერიოდის წყაროებშია ნახსენები თბილისში, მინდოდა ამის შესახებ მცირედი, პატარა ისტორია დამეწერა. შემდეგ გამოვიდა „ნივთების ისტორია“ - მარაო, ცხვირსახოცი და სათვალის ისტორია იყო. წიგნზე მეცნიერებმა გურამ გასიტაშვილმა და სულიკო ნუცუბიძემ იმუშავეს, შემდეგ იყო „ფიროსმანის ალბომი“, ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში დაცული 15 ნამუშევრის რეპროდუქცია იყო ტილოზე დაბეჭდილი და ხელით შეკერილი, შემდეგ - „თბილისი ალბომი„ ერმაკოვის ფოტოებით,“ - გვიყვება ქეთევან ლაზარაშვილი.

მისი თქმით, საიუბილეო „ვეფხისტყაოსნის“ გამოცემის შემდეგ, მინიატიურული წიგნის ზომები კიდევ უფრო შეამცირეს და წიგნები სათითაოდ დანომრეს, თან დაურთეს  სერტიფიკატი, ლუპა და ძვირფასი ქვებით შეამკეს.

„ვეფხისტყაოსნის“ მინიატიურული წიგნი გავაკეთეთ 2012 წელს პირველი ბეჭდური „ვეფხისტყაოსნის“ გამოცემიდან 300 წლის თავზე. იმ დროს 5/7სმ-ზე წიგნი ყველაზე პატარად ითვლებოდა, მაგრამ ამის შემდეგ მინდოდა გამეკეთებინა ამაზე უფრო პატარა - 4/5-ზე. ჩემი მეუღლე -ბადრი მელაძეა ამ წიგნის კერვის ავტორი. მინდოდა ყოფილიყო გამორჩეული.  დავიწყეთ გარეკანის შემკობა, გავაკეთეთ წიგნს ყუთი, ყუთს მოყვა გამადიდებელი ლუპა, შემდეგ დავნომრეთ სათითაოდ ყველა წიგნი, გავუკეთეთ სერტიფიკატი და ანალოგიური ნომერი, რომელიც აქვს წიგნს, აქვს სერტიფიკატს“, - აცხადებს ქეთევან ლაზარაშვილი.

კლასიკური მინიატიურული წიგნების ფასი 300 ლარია, ქვებით შემკულის - 550 ლარი. გამომცემლობის ხელმძღვანელის თქმით, მინიატიურულ წიგნებს მაღაზიებში ძალიან დიდი ფასნამატი ჰქონდა - 800-900 ლარად იყიდებოდა, ამიტომ ბევრი მაღაზიიდან წიგნი გამოიტანეს. ახლა „მინიატურას“ მინიატიურული წიგნები თანამედროვე ხელოვნების მუზეუმსა და „სტამბის წიგნების“ მაღაზიებში იყიდება. როგორც ქეთევან ლაზარაშვილი ამბობს, მათი მინიატიურული წიგნებით უფრო მეტად ქართველები ინტერესდებიან და ყველაზე დიდი მოთხოვნა მინიატიურულ „ვეფხისტყაოსანზეა“.