ბიზნესმენი ალექსანდრე მაშკევიჩი გარდაიცვალა. ინფორმაცია ყაზახურ Forbes-ს ERG-ის პრესსამსახურში დაუდასტურეს. მედია იუწყება, რომ ბოლო წლებში ოლიგარქი მძიმე ავადმყოფობას ებრძოდა.

ალექსანდრე მაშკევიჩი იყო Eurasian Resources Group-ის (ERG) ერთ-ერთი მთავარი აქციონერი და თანადამფუძნებელი. კომპანიის სხვა მფლობელები არიან ბიზნესმენი პატოხ შოდიევი, იბრაგიმოვების ოჯახი და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობა. ჯგუფი დაკავებულია ბუნებრივი რესურსების მოპოვებითა და გადამუშავებით და ოპერირებს, მის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, 20 ქვეყანაში. მასში შედის TNC Kazchrome, Sokolovsko-Sarbay სამთო და გადამამუშავებელი წარმოების ასოციაცია (SSGPO), Shubarkol Komir, Manganets Zhairema, Aluminum of Kazakhstan, Eurasian Energy Corporation (EEC), ყაზახეთის ელექტროლიზის ქარხანა და ა.შ.

წლების წინ მაშკევიჩი ინვესტირებას საქართველოშიც გეგმავდა. როგორც ყოფილი „საპარტნიორო ფონდის" ხელმძღვანელი დავით საგანელიძე ამბობდა, საქართველოს ფარმაცევტულ სექტორში ყაზახი ბიზნესმენი მნიშვნელოვან სიახლეებს აპირებდა, - „საუბარია 1 მლრდ დოლარის ინვესტიციის განხორციელებაზე ჯანდაცვის სექტორის ორ სეგმენტში - ეს არის ჰოსპიტალური და ფარმაციის სექტორი“, - აცხადებდა საგანელიძე, თუმცა პროექტი არ განხორციელდა.

მაშკევიჩი საქართველოში ფლობდა კომპანია „ჰუმანითი ჯორჯიას", რომელიც ქართულ ბაზარზე 2015 წელს, მთავრობის მხარდაჭერით შემოვიდა. კომპანიისა და "საპარტნიორო ფონდის" ერთობლივი პროექტი მოიცავდა 2 კომპონენტს. ბაზარზე მედიკამენტების იმპორტის მიზნით, საპარტნიორო ფონდმა ჰუმანითი ჯორჯიას 11 მილიონ დოლარზე მეტი სესხის სახით გამოუყო. თანამშრომლობის მეორე ეტაპი ვერ შედგა. ფარმაცევტული ქარხნის რამდენიმე მილიონიანი პროექტი ფონდმა აღარ დააფინანსა. მიზეზად 2017 წლის ბიუჯეტისა და ხარჯების ოპტიმიზაცია დასახელდა.

ცნობისთვის, 2023 წელს მაშკევიჩი ყაზახური Forbes-ის ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენების რეიტინგში მეექვსე ადგილზე მოხვდა.