ყაზახეთის ერთ-ერთმა ცნობილმა ტექნოლოგიურმა ბანკმა Kaspi.kz-მა, რომლის ხელმძღვანელიც ქართველი ბიზნესმენი მიხეილ ლომთაძეა, 2023 წლის ნახევარი წლის ფინანსური ანგარიშგება გამოაქვეყნა.
ანგარიშის მიხედვით, Kaspi.kz-მა 2023 წლის პირველ ნახევარში მოგება 50%-ით გაზარდა.
Kaspi.kz-ის წმინდა მოგებამ წლის პირველ ექვს თვეში 376 მილიარდი ტენგე ($844.5 მლნ) შეადგინა, რაც 50%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მხოლოდ მეორე კვარტალში კი ბანკმა მიიღო 198 მილიარდი ტენგე წმინდა მოგება, რაც 46%-ით მეტია წინა წელთან შედარებით.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ Kaspi.kz-ი, რომელიც დივიდენდების გამცემი კომპანიაა, გეგმავს თანხის განაწილებას აქციონერებზე. შემოთავაზებული თანხა, რომელიც აქციაზე 750 ტენგეს, ანუ $1.70-ს უდრის, აქციონერთა კრებამ 23 აგვისტოს ჩანიშნულ კრებაზე უნდა დაამტკიცოს.
ანგარიშიდან ირკვევა ისიც, რომ Kaspi.kz-ი ლონდონის საფონდო ბირჟიდან $100 მილიონის აქციების გამოსყიდვას გეგმავს, სავარაუდოდ ამის მიზეზი ის მოლოდინია, რომელიც კომპანიის ხელმძღვანელებს აქციების ფასის მატების კუთხით აქვთ.
Kaspi.kz-ი ფინანსური ანგარიშგებაში, კომპანიის ონლაინვაჭრობის პლატფორმის გეგმებზეც არის საუბარი, მიხეილ ლომთაძის კომპანიამ ყაზახეთის წამყვანი განცხადებების პლატფორმა - Kolesa-ს შეძენას გეგმავს. ლომთათიძე იმედოვნებს, რომ Kolesa-ს შესყიდვით, ავტომობილებისა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის განცხადებების ბიზნესში Kaspi.kz-ი ყაზახეთში ბაზრის ლიდერად გადაიქცევა.
შეგახსენებთ, რომ Kaspi.kz-მა ლონდონის საფონდო ბირჟაზე აქციების პირველადი განთავსება (IPO) 2020 წელს განახორციელა. რაც 2007 წლის შემდეგ ყაზახური კომპანიის ყველაზე დიდ ლონდონურ ლისტინგს წარმოადგენდა. Kaspi Bank ინვესტორებმა 6,5 მლრდ დოლარად შეაფასეს, რამაც ის ქვეყანაში ყველაზე ძვირად ღირებულ საჯარო კომპანიად გადააქცია.
2022 წელს Kaspi.kz-ის მთლიანი აქტივები 41,2%-ით გაიზარდა და 5,1 ტრლნ ტენგე (11,73 მლრდ დოლარი) შეადგინა. ამ მაჩვენებლის მიხედვით, ბანკი ქვეყანაში მეორე ადგილზე იყო და მხოლოდ ყაზახეთის სახალხო ბანკს, Halyk Bank-ს ჩამორჩა.
Kaspi.kz-ის აქციების 26.1% - Baring Vostok-ს, 23.4% - მიხეილ ლომთაძეს, 22.27% - ვიაჩესლავ კიმს ეკუთვნის.