თურქული სავაჭრო აპლიკაცია ,,ჰეპსიბურადას’’ მმართველი ორგანოს გამგეობის თავმჯდომარედ მიხეილ ლომთაძე დაინიშნა. მმართველი ორგანოს წევრები აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებაზე აირჩიეს. კრება 2025 წლის 31 იანვარს გაიმართა. ,,ჰეპსიბურადას’’ წილი Kaspi.kz-მა 2025 წლის იანვარში შეიძინა. მიხეილ ლომთაძე კი ამ ყაზახური ფინტექიდან ,,ჰეპსიბურადას’’ თანააქციონერი გახლავთ.
მიხეილ ლომთაძესთან ერთად მმართველი ორგანოს Kaspi.kz-ის სხვა ტოპ-მენეჯერებიც შეუერთდნენ. ,,ჰეფსიბურადას’’ გამგეობის წევრები იური დიდენკო, თენგიზ მოსიძე და პაველ მირონოვი გახდნენ. იური დიდენკო ასევე არის ხელმძღვანელის მოადგილე და ორი კომიტეტის - ადრეული რისკის იდენტიფიკაციისა და კორპორატიული მმართველობის წევრი. დიდენკო პასუხისმგებელია საბაზრო კაპიტალზე, მოსიძე ფინანსებზე. მირონოვი კი საოპერაციო საქმიანობაზე. გარდა ამისა, ჰეფსიბურადას გამგეობას შეუერთდა Kaspi Pay-სა და Kaspi.kz-ის მობილური კომერციის ხელმძღვანელი სანდრო ბერძენიშვილი.
,,ჰეფსიბურადას’’ მმართველ ორგანოში სულ ცხრა ადამიანი აირჩიეს, რითაც შემადგენლობა 11 წევრიდან 2-ით შემცირდა.
Kaspi.kz-მა Hepsiburada-ს აქციების 65.41%-ის შეძენის შესახებ შეთანხმებას ხელი 2024 წელს მოაწერა. გარიგების ოდენობა მაშინვე გამოცხადდა - 1,127 მილიარდი დოლარი. ტრანზაქცია 2025 წლის 29 იანვარს დასრულდა. Kaspi.kz-მა განმარტა, რომ Kaspi.kz და Hepsiburada „შეინარჩუნებენ სხვადასხვა ბრენდს და ოპერაციულ სტრუქტურებს“.
გარიგების შედეგად, Kaspi.kz Hepsiburada-ს მაკონტროლებელი აქციონერი გახდა. ფინტექმა თანხის ნაწილი, 600 მილიონი დოლარი გარიგების დახურვის დღეს ნაღდი ფულით გადაიხადა. დარჩენილი 526,9 მილიონი აშშ დოლარი უნდა გადაირიცხოს არა უგვიანეს ექვსი თვისა.