ახალი კვლევის თანახმად, კვირაში სამჯერ ან მეტჯერ ჩაის სმა სისხლძარღვთა დაავადებების — მაგალითად, ინსულტისა თუ გულის შეტევის — რისკის 11%-ით შემცირებას უკავშირდება. თუმცა, ძალიან ცხელი ჩაის მიღებას საპირისპირო შედეგი მოჰყვება: სისხლძარღვთა დაავადებების რისკი 16%-ით იზრდება.

ახალი კვლევის თანახმად, ჩაის რეგულარული სმა დაკავშირებულია სისხლძარღვთა დაავადებების — მაგალითად, ინსულტის, გულის კორონარული დაავადებისა და გულის შეტევის — განვითარების უფრო დაბალ რისკთან.

ჩაი მზადდება Camellia sinensis-ის — აღმოსავლეთ აზიიდან წარმოშობილი მარადმწვანე ბუჩქის — დამუშავებული ფოთლების დაყენებით. ყველა სახეობა, მათ შორის თეთრი, მწვანე, ულუნგი, შავი და პუ-ერი, ერთი და იმავე მცენარისგან მიიღება; მათი განსხვავებული გემო კი იმით განისაზღვრება, თუ რამდენად გადიან ისინი ჟანგვის პროცესს. ეს სასმელი მრავალ კულტურაში რაციონის ჩვეული ნაწილია. ინგლისური საუზმიდან დაწყებული, ჩინური ჩაის ცერემონიებით დამთავრებული, ის მსოფლიოს მილიონობით ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაშია წარმოდგენილი.

ჟურნალ Journal of Internal Medicine-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ჩაიში შემავალ ბიოაქტიურ ნაერთებს — მათ შორის პოლიფენოლებსა და ფლავონოიდებს — გააჩნიათ ანტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო და ენდოთელიუმის დამცავი თვისებები. ისინი იცავენ სისხლძარღვების შიდა შრეს და ხელს უწყობენ სისხლის ჯანსაღ მიმოქცევას, რაც, თავის მხრივ, სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციაში გვეხმარება.

მკვლევრები თითქმის 500 000 ჩინელს საშუალოდ ცხრა წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ; ისინი აღრიცხავდნენ ჩაის მოხმარების სიხშირეს და იმ დაავადებებს, რომლებიც ამ პერიოდში მონაწილეებს განუვითარდათ. აღმოჩნდა, რომ მათ, ვინც ჩაის რეგულარულად — კვირაში სამჯერ ან მეტჯერ — სვამდა, სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების საერთო რისკი 11,2%-ით ნაკლები ჰქონდათ. ყველაზე მკაფიო კავშირი გამოვლინდა იშემიურ ინსულტთან — რისკი 36,6%-ით შემცირდა; მას მოსდევს თავის ტვინის სისხლძარღვთა დაავადებები, სადაც შემცირების მაჩვენებელი 19,1%-ს შეადგენს.

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ დამცავი კავშირები მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა იმის მიხედვით, თუ როგორ მზადდებოდა და როგორ მიირთმეოდა ჩაი. მონაწილეებს შორის მოხმარების მედიანური მაჩვენებელი დღეში ორ-სამ ფინჯანს შეადგენდა; თუმცა, რისკის ყველაზე დაბალი დონე იმ პირებში აღინიშნა, რომლებიც დღეში ექვსიდან რვა ფინჯანამდე სვამდნენ.

სისხლძარღვთა დაავადებებთან ყველაზე მყარი და თანმიმდევრული კავშირი შავმა ჩაიმ გამოავლინა; მას მოსდევს მწვანე ჩაი. მკვლევრები ამას ფერმენტაციის შედეგად წარმოქმნილ ნაერთებს, მაგალითად, თეაფლავინებს უკავშირებენ, რომლებსაც ანთების საწინააღმდეგო და ლიპიდების მარეგულირებელი თვისებები გააჩნიათ.

მნიშვნელობა ჰქონდა ასევე ჩაის ტემპერატურასა და სიძლიერეს. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ საუკეთესო ვარიანტი ზომიერად ძლიერი და ისეთი ჩაი იყო, რომელიც არ წვავდა.

გასაკვირია, რომ ძალიან ცხელი ჩაი საპირისპირო შედეგთან — სისხლძარღვთა დაავადებების რისკის 16%-იან ზრდასთან — აღმოჩნდა დაკავშირებული. მანამდეც იყო ცნობილი, რომ ძალიან ცხელი სასმელები საყლაპავის კიბოს განვითარების უფრო მაღალ ალბათობასთან არის დაკავშირებული.

ვრცლად: euronews – ზე