კახეთში მდებარე სასტუმრო Chateau Mere-ს მმართველი პარტნიორი გია პირადაშვილი „კომერსანტთან“ კადრების დეფიციტის პრობლემაზე საუბრისას ამბობს, რომ მისთვის ყველაზე მთავარი ადგილობრივების დასაქმებაა, თუმცა ქვეყანაში არსებული სიტუაციის გამო, შესაძლოა, მალე საჭირო გახდეს სხვა ქვეყნებიდან, განსაკუთრებით აზიიდან კვალიფიციური კადრების შემოყვანა.

„კადრების დეფიციტი ბევრი ქვეყნის პრობლემაა, ეს მხოლოდ საქართველოს არ ეხება, ეს ევროპაშიც ასეა. ამ პრობლემის წინაშე ჩვენც ვართ. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ვცდილობთ ადგილობრივები დავასაქმოთ, სერიოზული კვალიფიკაციის პრობლემაა, ამიტომ ბოლო დროს ვცდილობთ გამოცდილი კადრები მოვიზიდოთ და მეტიც გადავუხადოთ.

მგონია, რომ საქართველოში კადრების დეფიციტის პრობლემის გადასაჭრელად აზიის ქვეყნებიდან მოგვიწევს მომსახურე პერსონალის ჩამოყვანა. თუმცა, ვფიქრობ რომ ეს პრობლემა არ უნდა იყოს, უფრო მეტიც, შესაძლოა დარგის განვითარებაზე დადებითად აისახოს. 

ხშირად ვაცხადებთ ვაკანსიებს და თითქმის სულ ძიების პროცესში ვართ“, - აღნიშნა გია პირადაშვილმა.