უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის პორტალის dazhomes.com-ის ინფორმაციით, კახეთში მდებარე სასტუმრო „შატო მერე“ იყიდება.
„შატო მერეს“ მმართველი პარტნიორი გია პირადაშვილი „კომერსანტთან“ აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ კარგი შეთავაზების შემთხვევაში სასტუმროს გაყიდვას განიხილავს.
„ყველაფრის გაყიდვა შეიძლება ღირსების და სამშობლოს გარდა, თუმცა ამ ეტაპზე ასე საჯაროდ „შატო მერეს“ გაყიდვა არ მიმდინარეობს. თუ ვინმე კლიენტი მოვა და კარგ ფასს შემოგვთავაზებს, რა თქმა უნდა გავყიდით.
ასე არასოდეს შეგვიფასებია და ვერ გეტყვით რამდენად გვიღირს მისი გაყიდვა, თუმცა შეიძლება ეს იყოს 8 მილიონი, შესაძლოა მეტიც. ამ ბიზნესში ვართ წლებია და რასაც ვაშენებთ შემდეგ ვყიდით ხოლმე, მაგალითად როიალ ბატონი, შუხმანი და სხვა“, - აღნიშნავს გია პირადაშვილი.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, „შატო მერეს“ 49%-ის მფლობელი ბიზნესმენი გიორგი პირადაშვილია, ხოლო 51%-ს რუსეთის მოქალაქე იგორ ანდრონოვი ფლობს.
„შატო მერე“ კომპლექსში შედის ორმოცდაოთხი სასტუმრო ნომერი, სამი რესტორანი, ორი ღია აუზი, საკონფერენციო დარბაზი და ღვინის მარანი.