თბილისის არქიტექტურის სამსახურმა რიყის პარკში მდებარე ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟზე თანხმობა გასცა. 14 591 კვ.მ ფართობზე განთავსებული ობიექტი ამჟამად კომპანია „რიყე დომის“ საკუთრებაშია.
რიყის დოქების დემონტაჟის შესაძლებლობა საქართველოს მთავრობამ 2025 წელს დაუშვა. გადაწყვეტილების მიხედვით, ადგილზე ახალი პროექტი მინიმუმ 44 მილიონი ლარის ინვესტიციით უნდა განხორციელდეს.
„რიყე დომის“ მფლობელი 2025 წლის ივნისში კომპანია „მაქრო ფროფერთი“ გახდა, თუმცა მას ამ დრომდე არ წარუდგენია ტერიტორიის განვითარების კონკრეტული პროექტი.
რიყის დოქები იტალიელი არქიტექტორის, მასიმილიანო ფუქსასის პროექტით აშენდა და თავდაპირველად მუსიკალური ცენტრისა და საგამოფენო სივრცის ფუნქცია უნდა ჰქონოდა. ობიექტის მშენებლობაზე დაახლოებით 75 მილიონი ლარი დაიხარჯა, თუმცა პროექტი ხელისუფლების ცვლილების შემდეგ შეჩერდა და წლების განმავლობაში მიტოვებული იყო.
2025 წლის მთავრობის გადაწყვეტილებით, ობიექტის განვითარების პირობები შეიცვალა — შესაძლებელი გახდა შენობის დემონტაჟი და ადგილზე ახალი, მათ შორის სასტუმროს პროექტის განხორციელება. ამ ეტაპზე უცნობია, როგორი იქნება ახალი შენობა და რომელი ბრენდი მართავს მომავალ სასტუმროს.