რეფერენტული ფასები დამატებით 400 პრეპარატზე განისაზღვრა და უკვე 7795 დასახელების მედიკამენტზე მოქმედებს. განახლებული სია ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე აიტვირთა.
როგორც რამდენიმე კვირის წინ მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, ფასის ზედა ზღვრის დაწესება ჯამში დაახლოებით 8200 მედიკამენტზე იგეგმება.
ცნობისთვის: პარლამენტის ფასების შემსწავლელი დროებითი კომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტრო რეფერენტულ ფასებს აქტიური რეგისტრაციის სტატუსის მქონე კიდევ ასობით მედიკამენტზე განსაზღვრავს. ეს 2023 წელს დაწყებული რეფორმის მომდევნო ეტაპია და ამჯერად საუბარია ანთების საწინააღმდეგო, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მართვისთვის საჭირო და სხვა - ხშირად მოხმარებად პრეპარატებზე.
რეფერენტული ფასების რეფორმით სახელმწიფომ მედიკამენტების ღირებულების ის მაქსიმალური ზღვარი დაადგინა, რომელზე მაღალ ფასადაც მათი რეალიზაცია აიკრძალა. შედეგად, ფარმაცევტული პროდუქტების ფასი, საშუალოდ, 40%-ით შემცირდა.