მინიატურების დასამზადებლად მასალების შოვნა ერთ-ერთი პრობლემატური საკითხია, რადგან საქართველოში ეს სფერო განვითარებული არ არის. გვიწევს  ალტერნატივების მოძიება და მასალის უცხოეთიდან გამოწერა, რაც დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, - ამის შესახებ „კომერსანტთან“ დიორამა არტისტი და „ქოხის“ დამფუძნებელი გიორგი ეგუტიძე საუბრობს.

როგორც გიორგი ეგუტიძე აღნიშნავს, მინიატიურულ ქოხებზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, თუმცა საქმიანობის დასაწყისში ძალიან დაბალი იყო.

„როდესაც ეს საქმიანობა დავიწყე, მოთხოვნა საკმაოდ დაბალი იყო. რადგან დიორამას ტერმინიც არ იცოდა ხალხმა, მეც და სხვა ჩემი კოლეგებიც ვცდილობთ ამ ხელოვნების სფეროს პოპულარიზებას, ბევრ ინტელექტუალურ რესურსს ვდებ, რომ ხმა რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივაწვდინო და გავაცნო ჩვენი პროდუქტი“ - ამბობს ეგუტიძე.

დიორამა არტისტი ამბობს, რომ მისთვის ხარისხი და კმაყოფილი მომხმარებელი მნიშვნელოვანია და ეს მას დიდ მოტივაციას აძლევს.

„შეკვეთების მიღება კომპლექსური პროცესია, არის შემთხვევა როდესაც ზუსტად იცის მომხმარებელმა რა სურს. არის როცა რაღაც იდეა აქვს, მაგრამ ვერ გადმოსცემს, ამისთვის მე ვქმნი ჩანახატს და დიალოგის პროცესში მივდივართ ზუსტ იდეამდე. შემდეგი ეტაპი უშუალოდ იდეას გაცოცხლებაა და დასრულების შემდეგ მისთვის გადაცემა. ყოველ ნამუშევარს პირადად ვაწვდი, რადგან მნიშვნელოვანია მათი ემოციების ნახვა ჩემთვის, ეს დიდ მოტივაციას მაძლევს.“ ამბობს გიორგი ეგუტიძე.

„ქოხის“ დამფუძნებელმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი მიზანი ახლა ნამუშევრების მეტი პოპულარიზება და უცხოურ ბაზარზე გასვლაა. თუმცა „ქოხის“ ნაწარმი უკვე ამერიკაში , ავსტრალიაში და პოლონეთში იგზავნება.

მინიატიურული სახლების ონლაინ მაღაზია „ქოხი“ 2023 წლის იანვარში დაფუძნდა და მომხმარებელს სხვადასხვა არქიტექტურისა და დიზაინის თიხის მინიატურებს სთავაზობს.