„გოცირიძის მეღვინეობა” ძმების, აკაკი და ანდრო გოცირიძეების საოჯახო მეურნეობაა. მეღვინეობა 2018 წლიდან ფუნქციონირებს და ფლობს ვენახებს თელავის რაიონის სოფელ ართანასა და წინანდალში. ღვინო მზადდება მხოლოდ ბიო პრეპარატების გამოყენებით, ტრადიციული კახური წესით ქვევრში. კომპანია 4 სახის ღვინოს აწარმოებს, ესენია: ტრადიციული საფერავი, მუსკატური რქაწითელი და ვარდისფერი რქაწითელი და ასევე, ფრანგული ღვინო, კაბერნე სოვინიონი. წელიწადში, წარმოებული ღვინის რაოდენობა 5000 ბოთლამდეა.
„გოცირიძის მეღვინეობამ“ 2018 წელს საგრანტო კონკურსში – „აწარმოე საქართველოში“ გაიმარჯვა და მიღებული დაფინანსებით ყურძნის გადამუშავების მთელი ხაზი შეიძინა. საწარმოს სრულად მოწყობაში კი, მეღვინეობამ დაახლოებით 80 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა.
უახლოეს მომავალში, კომპანია ღვინის ექსპორტზე გატანას გეგმავს.
„ჯერჯერობით, მხოლოდ საქართველოში ვართ წარმოდგენილი, თუმცა ბრენდი „გოცირიძის მეღვინეობა“ ქართულ ბაზარზე მეტ-ნაკლებად დამკვიდრდა და ახლო მომავალში ვგეგმავთ დასავლური ბაზრის მოსინჯვასაც. მაღალხარისხოვანი ქართული ღვინისთვის საუკეთესო ბაზარი ევროპა და შეერთებული შტატებია. მოგეხსენებათ, ქართული ღვინის მიმართ ინტერესი ამ ქვეყნებში მზარდია და სათანადო ხარისხისა და სწორი მარკეტინგის პირობებში ამ ბაზრებზე დამკვიდრება სავსებით რეალურია,“ - აღნიშნა ანდრო გოცირიძემ.
გოცირიძემ იმ პრობლემებსა და გამოწვევებზეც ისაუბრა, რის წინაშეც ქართველი მევენახე დგას. მისი აზრით, საჭიროა პროფესიული განათლებისა და საბაზრო ეკონომიკის პრინციპების ცოდნის დონის ამაღლება.
„პირველ რიგში, ალბათ საჭიროა პროფესიული განათლებისა და საბაზრო ეკონომიკის პრინციპების ცოდნის დონის ამაღლება. ზედმეტად ან არასწორად ჩატარებული ოპერაციები მოსავალს ვნებს და აძვირებს, არასწორად დაგეგმილი რთვლის შედეგად კი არასაკმარის ან ზედმეტად მაღალ შაქრიან მოსავალს იღებ, რაც დადუღების პროცესში სირთულეებს წარმოშობს და მეწარმე იძულებულია ან ქიმიკატები მოიშველიოს ან ზედმეტ შაქრიან ღვინოს წყალი დაასხას, რადგან ზედმეტი შაქარი ღვინის დუღილს აჩერებს. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მეღვინეობის სამშობლოა, საბჭოთა დროს დამკვიდრებული მიდრეკილება რაოდენობაზე მუშაობისა ჯერ კიდევ შემორჩენილია, რაც ნეგატიურად აისახება ღვინის ხარისხზე.
ღვინის ბაზარზე მეღვინე ხარისხზე უნდა იყო ორიენტირებული, ვინაიდან დღევანდელი მომხმარებელი თვისობრივად განსხვავდება საბჭოთა მომხმარებლისგან, ვისთვისაც რაოდენობა ფასობდა და არა - ხარისხი.
ცნობილია, მევენახე საკუთარ ღვინოს თუ არ ამზადებს, წარმოუდგენელია წლიდან წლამდე ვენახის მოვლის ხარჯები დაფაროს. პრობლემატურია მცირე მარნების განვითარება და კოოპერირების ხარისხი. მევენახე ერთ საკარმიდამო ნაკვეთზე ვერასდროს მოახერხებს საკუთარი ღვინის ქარხნის, ან მარნის აშენებას, ვენახის მოვლის თუ ღვინის დაყენების პროცესების ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, მექანიზაციას, მაგრამ 10-15 მევენახე შეძლებს საერთო მარნის აშენება-შენახვას ისე, რომ მისი პროდუქტი იყოს არა იაფი ყურძენი, არამედ ძვირი ღვინო. ჩვენი კომპანიის შემთხვევაში, მე და ჩემი ძმა რესურსს ვაერთიანებთ, საერთო ხარჯებს ვინაწილებთ და, შესაბამისად, გვაქვს საერთო პროდუქტი, რომლის შემოსავალსაც ვიყოფთ“.
ანდრო გოცირიძის თქმით, მნიშვნელოვანი გამოწვევაა გასაღების ბაზრებიც.
„ქართული ღვინო რუსული დაბალხარისხიანი და უკიდურესად პოლიტიზირებული ბაზრიდან დასავლურ ბაზარზე იმკვიდრებს ადგილს. თუმცა ამას გარკვეული გამოწვევებიც ახლავს თან, რადგან თუკი რუსეთში ფალსიფიცირებული ღვინოც საღდებოდა, დასავლურ ბაზრებზე დასამკვიდრებლად, ქართველი მეღვინე იძულებულია მხოლოდ მაღალი ხარისხის ღვინო აწარმოოს და სათანადო მარკეტინგული ღონისძიებებიც განახორციელოს. ეს ერთის მხრივ დანახარჯებთან, მეორეს მხრივ კი გარკვეული პროფესიული განათლების მიღებასთანაა დაკავშირებული და სახელმწიფოს დახმარება ამ მიმართულებით აუცილებელია“.
კომპანიის თანადამფუძნებლის თქმით, მაღალხარისხოვანი ღვინის ბოთლში ჩამოსხმის კულტურა საქართველოში ახლა ბრუნდება, რადგან პოსტსაბჭოთა პერიოდში ბოთლის ღვინო ძირითადად ფალსიფიცირებული და დაბალი ხარისხის იყო.
„პარადოქსია, მაგრამ ქართული ღვინის ხარისხის ზრდას კრემლიც დაეხმარა, როდესაც რუსულ ბაზარზე ქართული ღვინის შეტანა პოლიტიკური მიზეზებით აკრძალა. აკრძალვამ აბსოლუტურად საპირისპირო შედეგებამდე მიგვიყვანა, რადგან დასავლურ ბაზრებზე დასამკვიდრებლად, საჭირო გახდა, მხოლოდ მაღალი ხარისხის ღვინის წარმოება. ცხადია, ამან ქართული ღვინის ხარისხი და ცნობადობაც გაზარდა“.