2021 წლის დეკემბრიდან, ევროკომისიის გადაწყვეტილებით, ევროკავშირის ბაზარზე საქართველოდან ლოკოკინების ექსპორტი დაშვებულია. საქართველოში გაზრდილი ლოკოკინა მხოლოდ ექსპორტზე გადის, რადგან ჯერ ქვეყანაში მოთხოვნა არაა.
როგორც რესტორატორი, კომპანია „ჯიდიბიეს“ დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე „კომერსანტთან“ ამბობს, საქართველოში ბევრი ლოკოკინას ფერმაა, მაგრამ კონკურენცია არ არსებობს, რადგან მოთხოვნა ბევრად მაღალია.
„იმდენად დიდია ლოკოკინაზე მოთხოვნა, განსაკუთრებით ევროპაში, რომ ბაზარს შეუძლია 100 000 ტონა აითვისოს.
საქართველო გამოიყენება, როგორც ლოკოკინას მოსაყვანი მიწის რესურსი. საქართველო ერთ-ერთი ძალიან კარგი პირობების ქვეყანა აღმოჩნდა ლოკოკინას გამრავლებისთვის და ჩვენს იტალიელ პარტნიორებთან ერთად გარკვეული ნაბიჯები იდგმება იმისათვის, რომ საქართველო გახდეს მსოფლიოს ლოკოკინით მომარაგების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო.
ჩვენ ადგილობრივ ბაზარზე არ ვოპერირებთ. მოთხოვნა არ არის და რომც იყოს, ფასი ისეთი დაბალი იქნება, რომ იმპორტიორის ფასს კონკურენციას ვერ გაუწევს“, - აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.
ლაგოდეხში მდებარე ქართულ-იტალიური ინვესტიციით შექმნილი ლოკოკინების ფერმა უკვე ერთი წელია ფუნქციონირებს.